ირანულმა მხარემ ამერიკელი მეზღვაურები გაათავისუფლა

  17:02:55     13-01-2016

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ირანულმა მხარემ დღეს დილით გაათავისუფლა ამერიკული საზღვაო ძალების 10 მეზღვაური, რომლებიც პატარა სამდინარო კატარღებით ირანის ტერიტორიულ წყლებში შესვლის გამო 12 იანვარს დააკავეს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეზღვაურებმა და კატარღებნა უკვე დატოვეს ირანული სამხედრო-საზღვაო ბაზა. ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი მოგვიანებით ნაპირზე საზღვაო ძალების ვერტმფრენით გადაიყვანეს, კატარღები კი გადაგზავნილია ბაჰრეინის მიმართულებით, მათი  თავდაპირველი დანიშნულების ადგილას. ინფორმაცია მეზღვაურების ფიზიკური დაზიანების შესახებ არ ვრცელდება.

ირანული მხარის ცნობით, ამერიკული საზღვაო ტრანსპორტი მათ წყლებში შეცდომით, სანავიგაციო სისტემის გაუმართაობის გამო მოხვდა.

ამერიკული მხარის განცხადებით კი, ისინი გამოიძიებენ შემთხვევას და დაადგენენ მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ამერიკულ მხარეს ბოდიშის მოხდისკენ, მათი ტერიტორიული წყლების "ხელყოფის" გამო. აშშ-მ, შესაბამისად,ინციდენტის გამო თეირანს ბოდიში მოუხადა.