დავა ვან დეიკის ტილოზე - სკანდალი გრძელდება

  12:32:02     11-01-2016

რამდენიმე წუთის წინ კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტირმა განცხადება გააკეთა ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით, რომელზეც დავა უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს არქივში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც 2010 წლის 8 დეკემბერსაა გაცემული და  რომლის მიხედვითაც მოხდა ტილოს ქვეყნიდან გატანა. სანებართვო დოკუმენტში ტილოს ავტორი მითითებული არაა. ექსპერტებმა ის მე-19-20 საუკუნის უცნობ ევროპელ მხატვარს მიაკუთვნეს. ნებართვის გაცემაზე ათკაციანი კომისია მუშაობდა, მათ შორის ხელოვნებათმცოდნეები: მაია ციციშვილი, დალი ლებანიძე და ბორის ხატისკაცი, რომელთა ხელმოწერაც ფიქსირდება ნახატის გატანის ნებართვაზე.

ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძის განცხადებით, ის დღემდე დარწმუნებულია, რომ ტილო ვან დეიკს არ ეკუთვნის. "ეს უგემოვნო, დაუსრულებელი დეტალია, რომელიც ვან დეიკის სტილსა და ხელწერას არ ჰგავს", - განაცხადა მან შემთხვევის კომენტირებისას.

დღეს კულტურის სამინისტროში მივიდა ზაჰირ ჰუსეინოვიც, რომელიც ამბობს, რომ ტილო აბაშიძეების ოჯახისგან სრულიად კანონიერად შეიძინა და მოითხოვს ექსპერტიზის შემდეგ მასვე გადაეცეს. ჰუსაინოვის განცხადებით, მას ხელშეკრულება და ყველა დოკუმენტი აქვს, რომელიც სურათს სჭირდება.

ვან დეიკის ტილოს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თურქეთში მისი გაყიდვის მცდელობისას ორი ადამიანი დააკავეს. ექსპერტიზის შემდეგ კი თურქმა ხელოვნებათმოცოდნეებმა, პირველადი ინფორმაციით ტილო მე-17 საუკუნის ცნობილი ფლამანდრიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ფუნჯს მიაკუთვნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდული გზით შეიტანეს, თუმცა ვან დეიკის ნახატი, საქართველოში დაცულად არასდროს აღრიცხულა არც მუზეიმში და არც რეგისტრირებულ კერძო კოლექციაში.

ნახატს მალევე გამოუჩნდა ქართველი მფლობელი. ეკა აბაშიძე აცხადებს, რომ მისმა ოჯახმა ნახატი ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში შეიძინა 5 000 დოლარად, ისე, რომ არ იცოდნენ მისი რეალური ავტორი. შეძენიდან 5 წლის შემდეგ მათ ნახატვის გაყიდვა მოუწიათ. აბაშიძეებმა ნახატი მალხაზ მახარაძესა და ზაჰირ ჰუსეინოვს 37 000 დოლარად მიჰყიდეს. თუმცა, ამ თანხიდან მხოლოდ 7 000 დოლარის მიღება მოახერხეს, რადგან მახარაძე და ჰუსეინოვი ნახატის წაღების შემდეგ აღარ გამოჩენილან.

ამის შემდეგ აბაშიძეებმა დარჩენილი თანხის სასამართლოს ძალით დაბრუნება გადაწყვიტა. სასამართლი გადაწყვეტილებით ზაჰირ ჰუსეინოვს, რომელიც გარდაბანში ცხოვრობს, 30 000 დოლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის სახელზე არაფერი იყო დარეგისტრირებული და შესაბამისად, ოჯახმა თანხა ვერ დაიბრუნა.

რაც შეეხება ჰუსეინოვს, ის აცხადებს რომ კანონიერად შეძენილი და თურქეთში გატანილი ტილო სამსუნში მოჰპარეს.

"თავდაპირველად სურათი გასაყიდად სამსუნში ჩვენს მეგობართან დავტოვეთ, თუმცა როგორც შემდგომ გავარკვიეთ ოჯახიდან ტილო ჩემი მეგობრის შვილმა მოიპარა. ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია."

გამოძიება კვლავ მიმდინარებს, ასევე გრძელდება ექსპერტიზა ტილოს ავთენტურობის დასადასტურებლად, ხოლო ვის დარჩება საბოლოოდ ძვირადღირებული ნამუშევარი, ჯერ უცნობია.