ლეონარდო დიკაპრიომ "ოქროს გლობუსი" მიიღო - დაჯილდოვება ლოს-ანჯელესში

  11:42:40     11-01-2016

გუშინ ამერიკაში კინოინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ჯილდოს "ოქროს გლობუსის" გადაცემის რიგით 73-ე  ცერემონია გაიმართა.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ალეხანდრო ინარიტუს ფილმმა "The Revenant" გაიმარჯვა. 

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის კი, "ოქროს გლობუსი" ლეონარდო დიკაპრიომ მიიღო.

ინარიტუს ბოლო ნამუშევარს ოსკარზეც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ვნახოთ, მოუტანს თუ არა საოცნებო ოქროს ქანდაკებას ეს როლი ჰოლივუდის გულთამპყრობელს. 

საუკეთესო ფილმი მუსიკალურ ან კომედიურ ჟანრში რიდლი სკოტის "მარსელი" გახდა, რომელშიც მთავარ როლს მეთ დეიმონი თამაშობს. თავის მხრივ, მსახიობმა ამ ჟანრში შესრულებული მამაკაცის მთავარი როლისთვის მიიღო ჯილდო.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დრამაში ოქროს გლობუსი ბრი ლარსონს გადაეცა, ფილმისთვის "ოთახი".

რაც შეეხება ჰოლივუდის ახალ ფავორიტს, ოსკაროსან ჯენიფერ ლოურენსს, მან ჯილდოს მოპოვება კომედიური ჟანრის ფილმში შესრულებული ქალის მთავარი როლისთვის მოახერხა, ფილმით "ჯოი".

ქეით უენსლეტმა კი ქანდაკების მოპოვება ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის შეძლო, ფილმში "სტივ ჯობსი".
საუკეთესო ანიმაციური ფილმი სტუდია "პიქსარის" "Inside Out" გახდა.

მხატვრული ფილმების გარდა "ოქროს გლობუსი" სატელევიზიო სერიალების მსახიობებსაც გადაეცათ.

"ოქროს გლობუსის" ქანდაკების ღირებულება 800 დოლარია, ის მოოქროვილია 24 კარატიანი ოქროთი და წითელი ლენტითაა გაფორმებულია, რომელზეც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ლოგო ფიქსირდება.

ოქროს გლობუსი ერთგავრ რეპეტიციად ითვლება ოსკარების დაჯილდოებამდე, რომელიც თებერვალში გაიმართება, თუმცა ღონისძიების უფრო "მოკრძალებულმა" მნიშვნელობამ ხელი არ შეუშალა ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე თვალისმომჭრელები ყოფილიყვნენ.