საშობაო ტრადიციები და ტკბილეული

  23:02:49     03-01-2016

შობა-ახალი წლის სადღესასწაულო სუფრას ყველაზე მეტად მაინც ტკბილეული ამშვენებს. დროთა განმავლობაში ტკბილეული სიცოცხლის დატკბობის სიმბოლოდ იქცა.

ჩაროზებისადმი ამგვარი დამოკიდებულება საუკუნეთა მანძილზე შაქრის სიძვირემაც განსაზღვრა. ასე განსაჯეთ - საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის მზითევში ნამცხვარი გაატანეს. შობა-ახალი წლის დღესასწაული სწორედ ტკბილეულის გამო განსაკუთრებით უხარიათ პატარებს.

აღარ ჩავუღრმავდები ტრადიციული ქართული საახალწლო ტკბილეულის განხილვას, ეს ისედაც ყველამ კარგად იცის და ადრეც ბევრჯერ დამიწერია ამის შესახებ. შობა-ახალი წლის ტკბილეულში ჭარბობს თაფლი, თხილეული, ჩირები და აღმოსავლეთიდან შემოტანილი სანელებლები.

მთელ ევროპაში საოცარი პოპულარობით სარგებლობს საშობაო თაფლაკვერები, რომელთა ისტორიაც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყო.

პირველი კონდიტერის, თაფლაკვერების ოსტატის სახელი გერმანიის ქალაქ ულმის 1296 წლის სარეგისტრაციო წიგნშია შეტანილი. 100 წლის შემდეგ თაფლაკვერების მომზადებით სახელი გაითქვა ქალაქმა ნიურნბერგმა. ეს ჩაროზი ასევე ტრადიციულად მზადდება ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნებში. გერმანელები საშობაო თაფლაკვერებს Pfefferkuchen-ს უწოდებენ, რაც თარგმანში "წიწაკის ნამცხვარს" ნიშნავს. მის შემადგენლობაში შედიოდა სანელებლები, რომელთა შორის მიხაკ-დარიჩინთან ერთად იყო ბაჰარი, ე.წ. სურნელოვანი წიწაკა და ჯანჯაფილი. ამ ნამცხვრის მეორე სახელწოდება სწორედ ჯანჯაფილს უკავშირდება.

ჯანჯაფილის კაცუნებს აცხობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თაფლაკვერისგან აწყობენ ულამაზეს ქოხებს, რომლებსაც ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში გადავყავართ. სახლებს თეთრი მინანქრითა და შაქრის ფერადი მოსართავებით რთავენ.

საშობაო ტრაპეზის შემდეგ საფრანგეთში უმნიშვნელოვანესია ტკბილეულის სუფრა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ტრადიციული ფენოვანი ნამცხვარი ნუშის გულსართით - Galette des Rois, რომელიც მთელი იანვრის განმავლობაში უნდა იდოს სუფრაზე. აქ ასევე ამზადებენ მადელინებს - ნაზი ბისკვიტის ნამცხვარს, რომელსაც ნიჟარის ფორმა აქვს.

ვენესუელაში საშობაო ვახშმის დასრულების შემდეგ მიირთმევენ კრემის პუნშს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გადასვლას დესერტებზე. ვენესუელაში საშობაოდ აცხობენ შავ ტორტს დაშაქრული ხილითა და მწვანე პაპაიათი.

ესპანური საშობაო ტკბილეულის სუფრა სრულიად პასუხობს შობის ღამის მაგიურ ატმოსფეროს. აღსანიშნავია ესპანური ტურონი, რომელიც საოცრად წააგავს ნუგას. ის მზადდება შაქრით, კვერცხის ცილითა და თხილეულით. გარდა ამისა, ესპანელები საშობაოდ იმარაგებენ მარციპანს და აცხობენ ფხვიერ ნამცხვარს ნუშითა და ჩირებით.

ფილიპინებზე საშობაო ტორტები ბრინჯისგან მზადდება. ბრინჯზევე მზადდება კერძი Bibingka - თიხის ჭურჭელში განსაზღვრული პროპორციით იდება ბრინჯი, კარაქი, ბანანი, კვერცხი, გახეხილი ქოქოსი და ადგილობრივი კამეჩის ყველი.

საბერძნეთში საშობაოდ მელომაკარონასა და კურაბიედესს აცხობენ. ასევე ცხვება ფორთოხლის ღვეზელი ვასილოპიტა. კურაბიეს თურქული წარმოშობა აქვს და ძალიან წააგავს შაქარლამას. მელომაკარონა კი ნიგვზითა და ზეითუნის ზეთით მზადდება.

გერმანიაში არ არსებობს შობა-ახალი წელი შტოლენის (Stollen) გარეშე. შტოლენი საფუვრიანი, მძიმე ნამცხვარია, რომლის გულსართსაც ქიშმიშით, მარცპანითა და თხილეულით ამზადებენ. მას შობამდე რამდენიმე კვირით ადრე აცხობენ და ინახავენ. გერმანელები შტოლენს თავისი ფორმითა და თეთრი ფერით ჩვილი იესოს თეთრ საფენებთან აიგივებენ. შტოლენს ძალიან დიდი ისტორია აქვს, მისი უამრავი სახეობა არსებობს. ცნობილია ფაქტი, რომ 1730 წელს საქსონიის მეფის ბრძანებით კარის კონდიტერებმა მოამზადეს 1,8 ტონა შტოლენი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში აცხობდნენ და მის მომზადებაში 100 კაცი მონაწილეობდა.

უნგრეთში შობა-ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტია ბეიგლი - ყაყაჩოს თესლისა და ნიგვზის რულეტი. ამ ნამცხვარს ებრაული წარმოშობა აქვს. პირველად იგი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში გახდა ცნობილი, შემდეგ კი მთელი ქვეყანა დაიპყრო. ამ ჩაროზს უნგრელები არა მხოლოდ შობა-ახალ წელს, არამედ აღდგომის დღესასწაულზეც კი აცხობენ.

ინგლისური დესერტებიდან საქვეყნოდ ცნობილია საშობაო პუდინგი რომით, ჩირებითა და ცუკატებით. როგორც წესი, მას ბრენდის ასხამენ, უკიდებენ ცეცხლს და ასე მიაქვთ სუფრაზე. ხშირად პუდინგში ათავსებენ პატარა მონეტებს, რომლებსაც, ინგლისელების რწმენით, ბედნიერება მოაქვთ.

შობის მოახლოებასთან ერთად ყველა იტალიელის ოჯახში უნდა იყოს პანეტონე - ცილინდრის ფორმის ტრადიციული იტალიური ღვეზელი ქიშმიშითა და ფორთოხლის ცუკატებით. იგი თავისი ფორმითა და გემოთი სააღდგომო კულიჩს მოგვაგონებს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, იგი პირველად ჰერცოგ ლუდოვიკო მოროს მზარეულმა მოამზადა საშობაო სუფრისთვის. პანეტონეს იტალიურ საშობაო სუფრაზე ღირსეულ მეტოქეობას უწევს მეორე, არანაკლებ სახელგანთქმული ნუგბარი პანდორო, რაც იტალიურად ითარგმნება, როგორც "ოქროს პური". ნამცხვრის წარმოშობას ქალაქ ვერონას უკავშირებენ. პანდორო ასევე მზადდება კაკაოს დამატებით და აქვს რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა. პიემონტში ტრადიციულად აცხობენ Tronchetto di Natale-ს, რაც ქართულად "საშობაო მორს" ნიშნავს. იგი ძალიან კალორიული ნამცხვარია. მის შემადგენლობაში შედის კვერცხი, კარაქი, ნაღები, წაბლის კრემი და შოკოლადი. მორის ფორმა დაკავშირებულია უძველეს ტრადიციებთან, როდესაც შობის წინა ღამეს მთელი ღამის განმავლობაში ენთოთ ბუხარი, შეშად წაბლის კუნძს გამოიყენებდნენ და ამზადებდნენ სხვადასხვა სადღესასწაულო კერძს. ეს დესერტი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ძალიან პოპულარულია. იტალიური საშობაო სუფრა საოცრად მდიდარია ტკბილეულით. გენუაში სადღესასწაულოდ პანდოლჩეს აცხობენ დაშაქრული გოგრით, კედრის კაკლით, ფსტისა და ქიშმიშის დამატებით. ტრადიციის მიხედვით, ამ ნამცხვრის ნაწილი ღარიბებს უნდა დაურიგდეს, ნაწილს კი სანბიაჯოს დღესასწაულისთვის ინახავენ, რომელსაც 3 თებერვალს აღნიშნავენ. ტრადიციული ტოსკანური ჩაროზია პანფორტე, რომლის შემადგენლობაშიც დიდი რაოდენობით შედის თხილეული.

სტრუფოლი განსაკუთრებით ნეაპოლშია გავრცელებული - საფუვრიანი ცომისგან ზეთში გამომცხვარ ბურთულებს თაფლში ავლებენ, რაც ძალიან წააგავს ბერძნულ ლუკუმადესს. იტალიაში საშობაოდ ამზადებენ ლეღვის ჩირისგან მომზადებულ დესერტებს. ლეღვის ჩირს ტენიან ნუშით, ნიგვზით, ცუკატებით, შოკოლადით და ოთხ ადგილას დებენ ისე, რომ ჯვარი გამოისახოს. ტიპური სიცილიური ჩაროზია cubჭita იგივე giurgiulèna, იგი ძალიან წააგავს გოზინაყს. კუბაიტა სეზამის მარცვლებით, თაფლითა და შაქრით მზადდება. ზოგჯერ ემატება ნუში. ევროპაში არსებობს ასეთი ტრადიცია - არ შეიძლება ტკბილეულის მირთმევა, სანამ ცაზე პირველი ვარსკვლავი არ გამოჩნდება.


წყარო