მოკლული ომარ ქაფიაშვილის ბიძა: "მაგდას მამის სიკვდილიც დედამისს ბრალდებოდა"

  15:23:35     28-12-2015

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამთილს ლილი ქაფიაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ დანაშაულის ჩამდენი სწორედ მაგდა პაპიძეა. 

გაზეთ „პრაიმთაიმის“ კითხვაზე, გამოაქვს თუ არა ეს დასკვნა მაგდა პაპიძის პიროვნებიდან გამომდინარე, ის აცხადებს, რომ მაგდას დადებით პიროვნებად იცნობდა. მისი თქმით, მაგდა კარგი დედა იყო, თუმცა რა მოხდა და რატომ მოკლა შვილი, ჯერჯერობით არ იცის.

მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა მკვლელობის ღამეს ბინაში მესამე პირის ყოფნას გამორიცხავს.

„სხვა ვინმე რომ შემოსულიყო ოთახში, არ არსებობს, ვიღაცას არ დაენახა. არ არსებობს, პატარა ხმაური ყოფილიყო და ვიღაცას არ გაეგო.

მაგდა ისეთი ემოციური იყო, ფეხი რომ წამოჰკრა ქმარს, როგორ არ დაიყვირა. თანაც იქვე იყო შუქის ჩასართველი. წამოკარი ფეხი, აანთე, ხომ შეგიძლია, არა?“, - განაცხადა ლილი ქაფიაშვილმა.

მკვლელობის ღამეს მაგდა პაპიძის მეზობელიც იხსენებს.

„ომარს მაგდა ისე უყვარდა, მასზე ხელს ვერასდროს აწევდა. ერთხელ, არ დამავიწყდება, ომარი შემოვიდა, მაგდა ეჩხუბებოდა და ისე ცუდად გახდა, მთხოვდა, „კაპლი“ დამალევინეო. მაგდა არასდროს სხვისი ჭიქიდან წყალს არ სვამდა. ამ დროს კი, იმდენად იყო შეშინებული, მეზობლის ჭიქა აიღო და წყალი დალია.

ვფიქრობ, ომარი სახლიდან ჰყავს გასრიალებული. კედლებსა და დივანზე ისევ ამჩნევია სისხლის ნაკვალევი. ამ დროის განმავლობაში იტყუებოდა და ორი ცხედარი ოთახში ესვენა. საკმაოდ ძლიერი გოგოა და ოთახიდან ომარის გათრევა არ გაუჭირდებოდა“, - აცხადებს პაპიძის მეზობელი.

ერთ-ერთი მეზობელი კი უცნაურ ფაქტს იხსენებს.

„ღამის 2 საათზე მოვდივარ ხოლმე სამსახურიდან. მაშინ, ღამე ამათ მხარეს რომ გადმოვიხედე, ოდნავი რაღაც რომ გადახტება ხოლმე, ასეთი რაღაც დავინახე. ყველაფერი ჩაბნელებული იყო და ვერ დავინახე ვინ იყო“, - აცხადებს „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში პაპიძის მეზობელი.

ამასთან, მოკლული ომარ ქაფიაშვილის ბიძის ინფორმაციით, მაგდას მამაც მოკლეს და მკვლელობა მაგდას დედას ბრალდებოდა.

„როგორც ჩვენ გვითხრეს, მაგდას დედა ნაციხარია. თავის დროზე მაგდას მამაც მოკლეს და ეს სწორედ დედამისს ბრალდებოდა“, - განაცხადა მოკლულის ბიძამ.

არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წყარო