მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა: "პაპიძემ ქმარი ჯერ დააძინა და შემდეგ მოკლა"

  21:55:44     27-12-2015

მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა გამოძიების შედეგებს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2"ავრცელებს. რატომ მოკლა მაგდა პაპიძემ ქმარი და ხუთი წლის შვილი, მისთვის უცნობია. მოკლულის ძმა დეტალებზე არ საუბრობს. კატეგორულად გამოირიცხავს ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას და აცხადებს, რომ მის ძმას და რძალს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

გარდაცვლილის ძმა ვარაუდობს, რომ მაგდა პაპიძემ მისი ძმა ჯერ დააძინა, შემდეგ მოკლა. ამ ვერსიას ნათესავებიც იზიარებენ. საზარელი მკვლელობის მიზეზებზე საუბარი მოკლულის სხვა ნათესავებსაც უჭირთ, რომლებმაც 20 დეკემბერს ღამით მოკლულის ცხედარი სადარბაზოსთან იპოვნეს. ისინი მხოლოდ მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მაგდა პაპიძე ქმარს ჩაქუჩით გაუსწორდა და ხუთი წლის შვილი გაგუდა.

მოკლულის ბიძა ამბობს, რომ პაპიძე კვალის დაფარვასაც ცდილობდა. მისივე ინფორმაციით, მოკლული შვილი გადამალვის მიზნით მანქანაში მოათავსა. ქმრის ცხედრის გატანა კი ვეღარ მოასწრო. ქმრისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის მაგდა პაპიძე ჩადენილ დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.

"რუსთავი 2"