მაგდა პაპიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გააასაჩივრებს

  10:02:49     23-12-2015

არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ხათუნა ჩხაიძე დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია.

„მოსამართლემ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. აღნიშნულ განჩინებას ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და მოვითხოვთ პატიმრობის გაუქმებას.

მაგდა პაპიძემ განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ ის უდანაშაულოა. სასამართლოს მოახსენა იმ დეტალების თაობაზე რა მოხდა და როგორც მოხდა“, - აღნიშნა პაპიძის ადვოკატმა.

მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში იმ მოტივით დატოვა, რომ დაინახა მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელშეშლის საფრთხეები, ასევე მოსამართლის აზრით, სახეზეა ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი.

დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მომავალი წლის 10 თებერვალს გაიმართება.