მაგდა პაპიძე ქმართან ურთიერთობის შესახებ: "განსაკუთრებით აგრესიული გახდა დეკემბერში"

  23:38:28     22-12-2015

მაგდა პაპიძემ 19 დეკემბრის ღამე გაიხსენა.

„7 წელი ვცხოვრობდით ერთად. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. გავიდა 4 წელი და ცოტა დაგვეძაბა ურთიერთობა, თუმცა ოჯახური ურთიერთობის აღდგენას ვცდილობდით. ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო, როდესაც სვამდა, მაგრამ ეს პრობლემები გვარდებოდა.

ცოტა ხნის წინ, სამსახურის მანქანით მოახდინა ავარია, რის გამოც, ფინანსური ზიანი მიიღო. განსაკუთრებით აგრესიული გახდა დეკემბერში. სახლიდან ნივთები მეკარგებოდა. ბრილიანტის ბეჭედი დავკარგე. დაახლოებით ერთი კვირის წინ, სახლში ძალიან გაღიზიანებული მოვიდა და სამი პირი მოყვა. მე და თორნიკე სახლში ვიყავით. ამ ადამიანებმა უთხრეს, რომ არ აპატიებდნენ რაც მოხდა. ვეჭვობ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცას. არაფერი მკითხოო, ასე მითხრა, ეს ჩემი საქმეაო. 19 დეკემბერს ომარი ბრუნდება სამსახურიდან 5-ის ნახევრისთვის შვილთან ერთად, საჭმელი ჭამა, მე სალონში გავედი თმის მოსაწესრიგებლად. როდესაც დავბრუნდი, თორნიკემ მამა არ დააძინა, ხაჭაპურზე გავიდეთო და გარეთ გავიდნენ. თხლად ეცვათ“, - განაცხადა პაპიძემ.

მისივე თქმით, ქმარ-შვილს შეაგვიანდათ. როგორც პაპიძე ამბობს, მას დედამთილმაც დაურეკა, რომელიც მათთან ახლოს ცხოვრობდა და უთხრა, რომ ომარს ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

პაპიძის თქმით, ამის გამო მას არ უნერვიულია, რადგან მის ქმარს მობილური ხშირად უჯდებოდა.

ამის შემდეგ, როგორც პაპიძემ აღნიშნა, ის ტანსაცმლით დაწვა ლოგინში და ჩაეძინა.

„სამის წუთებზე მაღვიძებს დედამთილის, ლილის ზარი, ვერ ვიძინებ რა ხდებაო. ვნახე, რომ კიდევ არ იყვნენ მოსულები და საძებრად გავედი. როდესაც გამოვდიოდი, ვიწრო გასასვლელში ფეხი წამოვკარი და დავეცი. მივხვდი, რომ სხეულზე დავეცი. დავინახე ომარი და მეგონა, რომ მთვრალი იყო. სიბნელეში ვერ დავინახე, რა სჭირდა. თორნიკეც დავინახე გვერდით. მეგონა ორივე დაეცა. ხელები გამისისხლიანდა, შევედი სახლში, მინდოდა მანქანის გასაღები ამეღო და წამეყვანა საავადმყოფოში. ვყვიროდი, ღმერთო, ეს რა არის მეთქი. მანქანა გამოვიყვანე და როდესაც ფარები აინთო, დავინახე, რომ არცერთ ფერი არ ედო. თავზე ომარის დაზიანება არ მინახავს. ლილისთან ავედი დახმარების სათხოვნელად. ჩემი სისხლიანი ხელების კვალი ლილის კარებს ეტყობოდა. ამის შემდეგ, არ ვიცი, რა მოხდა. პოლიციაში გამაგებინეს, რომ ჩემი შვილი და ქმარი გარდაცვლილები იყვნენ“, - განაცხადა პაპიძემ.