დახოცა თუ არა ქმარ-შვილი 25 წლის გოგონამ? - საზარელი დანაშაულის დეტალები

  22:45:40     20-12-2015

დღეს გამთენიისას თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ფერაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამა და მისი 5 წლის შვილი მოკლულები იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლები ყვებიან, რომ გამთენიისას, დაახლოებით 4:00 საათზე საშინელი ყვირილის ხმა შემოესმათ, როდესაც გარეთ გამოვიდნენ სადარბაზოში მამა-შვილის ცხედრები დახვდათ. სადარბაზოს შესასვლელთან ძირს ეგდო დასისხლიანებული 27 წლის ომარ ქაფიაშვილი, იქვე იყი მისი 5 წლის ბიჭუნას ცხედარი.

"მამა ცალკე ეგდო, ბავშვი კი მოშორებით. მამაკაცს თავიდან სისხლი მოსდიოდა", - ამბობენ მეზობლები. ისინი გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც გამოძიებამ გაარკვია, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქაფიაშვილს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ ახალგაზრდა ქალმა გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა. სადარბაზოს დერეფანში სისხლის კვალი აშკარად ჩანდა. მოგვიანებით, პოლიციამ მკვლელობის იარაღი, სისხლიანი ურო, ნაგავსაყრელზე იპოვა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალმა მკვლელობა აღიარა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მოტივი, თუ რატომ უნდა მოეკლა ახალგაზრდა ქალს ქმარი და შვილი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.