პოეტი და მსახიობი შალვა კეღოშვილი გარდაიცვალა
23:31:12     14-12-2015
68 წლის ასაკში მსახიობი, პოეტი, ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი სიგელის, დიპლომისა და ჯილდოს მფლობელი, მხატვრული კითხვის ოსტატი, ორატორი შალვა კეღოშვილი გარდაიცვალა.
ახლობლების თქმით, მან ბოლო პერიოდში სამი რთული ოპერაცია გადაიტანა.
ცნობილ თამადად წოდებული შალვა კეღოშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა. გამოცდაზე იგი აკაკი ხორავას წინაშე წარსდგა, რომლის გულის მოგებაც ადვილად მოახერხა. „მომაშორეთ აქედან და მიაქციეთ ამ ბიჭს ყურადღებაო“, – უთქვამს ხორავას მასზე.
1965 წელს სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობა დაიწყო, შემდეგ კი გორის თეატრში მსახიობად და ასევე გორის კულტურის განყოფილების გამგედ მუშაობდა. მუშაობის პარალელურად სწავლობდა, პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
შალვა კეღოშვილი კითხულობდა ლექციებს თსუ ი. ჯავახიშვილის სახელობის მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კულტურის სამსახურს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
პირველად ქორწილს, 19 წლის ასაკში უთამადა. ლექსად თქმული ყველა სადღეგრძელო ტაშით ჯილდოვდებოდა. 2008 წელს კონკურსში – “საქართველოს თამადა”, ჯერ რეგიონის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი საქართველოს საუკეთესო თამადების ხუთეულში მოხვდა.
შალვა კეღოშვილი მონაწილეობდა “მეცხრე არხის” მიერ ორგანიზებულ “მესხურ ფესტივალში”.