ერთი ექიმი მოკლა, მეორე დაჭრა - რა მოხდა ბერი გაბრიელის გამზირზე? (დეტალები)

  12:20:51     14-12-2015

ამ დროისთვის ბერი გაბრიელის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები აგრძელებენ მუშაობას.  შემთხვევა ქუჩის ერთ-ერთი სადარბაზოს მეხუთე სართულზე მოხდა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, შემთხვევა დაახლოებით დილის 8 სთ-ზე მოხდა.

რამდენადაც ცნობილია, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა 50 წლამდე მამაკაცს, რომლის ერთ-ერთმა ოჯახის წევრმაც დახმარება სთხოვა ექიმებს, რომ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანათ. მისამართზე მისული ექიმებიდან ერთ-ერთს მამაკაცმა ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ერთ-ერთი კი დაიჭრა.

ამ ინციდენტის შემდეგ ის ჩაიკეტა საკუთარ სახლში, სწორედ ამის შემდეგ მოხდა შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სპეციალური სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების გამოძახება. სპეცოპერაცია დაახლოებით ნახევარ საათს მიმდინარეობდა და რამდენადაც ცნობილია, მამაკაცი კარს არ უღებდა სპეცრაზმელებს, პოლიციამ ამ დროს გასროლა მოახდინა.

ასევე ცნობილია, რომ თავად თავდამსხმელი მამაკაციც დაჭრილია და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მეორე დაჭრილ ექიმთან ერთად რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანა ბერი გაბრიელის ქუჩიდან.

რაც შეეხება გარდაცვლილ ექიმს, მისი ცხედარი პროზექტურაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.

ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:

"შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1977 წელს დაბადებული გიორგი ბ, ხოლო 1989 წელს დაბადებული ზურაბ ბ. ფეხის არეში დაჭრა. დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. ანდრო მ-ს და ზურაბ ბ-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)," - აცხადებს შსს გავრცელებულ ინფორმაციაში.