ახალი გარემოება და მახარაძის მკვლელობა - რატომ ადანაშაულებენ მარგველაშვილ-ელისაშვილს?

  15:02:48     08-12-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 წლის ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. 

ოქროპირიძე, რომელიც ადრე 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობისათვის იხდიდა სასჯელს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის იმჟამინდელი უფროსის, ალეკო ელისაშვილის რეკომენდაციის საფუძველზე, ლაშა მახარაძის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შეიწყალა. 

გამოძიების მასალების მიხედვით, ოქროპირიძემ, შეწყალებიდან მალევე - 2014 წლის სექტემბერში  ჩაიდინა მორიგი მკვლელობა და 24 წლის ლაშა მახარაძე ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. 

მოგვიანებით, ოქროპირიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს და საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს გადასცეს. ოქროპირიძე ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს რომ უდანაშაულოა. 

დაკავების შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა მისი საქმის განხილვა დაიწყეს. თუმცა, მსაჯულებს შორის ვერ მოგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა ოქროპირიძის მახარაძის განზრახ მკვლელობაში გასამტყუნებლად. ამიტომ, დღეს სასამართლო ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობით აგრძელებს პროცესს. 

რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლისა და მსაჯულების წინაშე გამოვიდა ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე. მან სასამართლოს ჩვენება მისცა და განაცხადა რომ მისი შვილის მკვლელობას კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს, რომლის შესახებაც აქამდე ცნობილი არ იყო...

"ეს არის არჩილ დათუნიშვილი, რომელთან ერთადაც ლაშა იმ საღამოს იმყოფებოდა აბაშიძის ქუჩაზე. ისინი უნდა წასულიყვნენ მეგობრის დაბადების დღეზე.

დათუნიშვილი მკვლელობის შემდეგ ჩემთან არ მოსულა. ის სტრესში იყო, რადგან ჩემი შვილი ხელებში ჩააკვდა, თუმცა მან გადალახა სტრესი, აგვისტოში მოვიდა და დეტალურად მომიყვა ყველაფერი.

როგორც ის ამბობს, ოქროპირიძე მანქანით მივიდა და ლაშას ვიღაცაზე ჰკითხა, სად არისო.

ლაშამ უთხრა, მანქანიდან რატომ მელაპარაკებიო, რის შემდეგაც ოქროპირიძემ სამჯერ ესროლა. დათუნიშვილი იხსენებს, რომ ლაშა წაიქცა, მალე კი გაშავდა და მოკვდა...

არჩილ დათუნიშვილი არის საშინელ მდგომარეობაში, რადგან ლაშას ვერ უშველა. მითხრა, რომ არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რომ სურს ის გაათავისუფლონ, რათა ღორივით თვითონ დაკლას.

მე მოვუწოდე, რომ არ მინდა ჩემი შვილის მეგობარი მკვლელ ოქროპირიძეს დაემსგავსოს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ ჩვენების მიცემის დროს.

აღსანიშნავია რომ მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის დედა, კოალიცია ქართული ოცნების აქტიური წევრი და აქტივისტი იყო, წინასაარჩევნო პერიოდში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ოქროპირიძეს შეწყალების შემდეგ თბილისის მერიაში უნდა დაეწყო მუშაობა, თუმცა, 24 წლის ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობისათვის დაპატიმრების შემდეგ, მისი გეგმები შეიცვალა...

მსჯავრდებულის დედა დღეს პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და ირწმუნება რომ მის შვილს ლაშა მახარაძე არ მოუკლავს, რასაც ბრალდება და მოკლულის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან.

მეტიც, მახარაძის ნათესავების განცხადებით, ოქროპირიძე, რომელიც 19 წლის ლევან თალაკვაძის მკვლელობისათვის იხდიდა სასჯელს, მარგველაშვილმა ელისაშვილის აქტიური რეკომენდაციით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეიწყალა.

დეტალების გახმაურების შემდეგ, ელისაშვილმა, ოქროპირიძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტისათვის მიმართვის გამო ბოდიში მოიხადა. თუმცა, მარგველაშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ გამოუშვა ციხიდან 19 წლის განზრახ მკვლელობისათვის სასჯელმისჯილი...

„19 წლის თალაკვაძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული ოქროპირიძის შეწყალებით, რომელსაც სასჯელის ორი მესამედიც კი არ ჰქონდა მოხდილი, მარგველაშვილმა და ელისაშვილმა საფუძველი დაუდეს ლაშა მახარაძის მკვლელობას“, - ასე მიიჩნევენ მოკლულის ახლობლები.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მოტივი, ციხეში - ოქროპირიძესა და ლაშას ძმას (რომელიც გარდაცვლილია) შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა.

რაც შეეხება მიმდინარე სასამართლო პროცესს, საბოლოოდ, ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ იმას, არის თუ არა, გიორგი ოქროპირიძე დამნაშავე ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობაში.