
ხულოში პედაგოგი მოკლეს - პოლიცია მკვლელს ეძებს
19:55:30     29-11-2015
"აჭარა TV"-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის მასწავლებლის, 44 წლის რომან ხოზრევანიძის მკვლელს ეძებს. შემთხვევა ბათუმში, რურუას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზთან ახლოს, რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ამბობს, პაციენტი, რეფერალური საავადმყოფოდან მათთან 22 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგი კიკაბიძის თქმით, პაციენტი მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 11 წლამდე.