ილია ჭავჭავაძე: "ქალები უფრო მხნენი, უფრო მოხერხებულნი არიან, ვიდრე მამაკაცნი"
23:57:11     09-11-2015
ქალი მასწავლებელი
პატიოსანი და ყოვლად მაღალ-ზნეობიანი ჯაფა და გამრჯელობა ოსტატისა, მასწავლებელისა, გამზრდელისა, ქალია თუ მამაკაცი, იმოდენად პატივდებული არ არის, რამოდენადაც ღირსია. ეგ რომ მარტო ჩვენში იყოს ესე, კიდევ იტყოდნენ, გაუნათლებელი, გონება-გაუხსნელი ქვეყანაა და, რასაკვირველია, აგრე იქნება ჯერ-ხანადაო. საქმე იმაშია, რომ ბევრგან სხვაგანაც ეგრეა, ჩვენდა სამწუხაროდ. სხვა, რაც უნდა მდაბიო სამსახური იყოს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რაც უნდა მცირე თანამდებობა ეჭიროს კაცსა, რაკი თანამდებობაა და სამსახურია, უფრო მომატებულის პატივისცემით ექცევიან. ამას კიდევ როგორმე გაუძლებდნენ, თუ რომ მასწავლებლის მართლა-და მძიმეს, რთულს და დიდს ჯაფას და მოვალეობას გასამრჯელო მაინც საკმარისი ეძლეოდეს. ეს ნამეტნავად ცხადია მათ შესახებ, ვისაც სასოფლო სკოლის მასწავლებლობა თავის მიდრეკილებისამებრ ამოურჩევია და მისთვის შეუწირავს თავისი უკეთესნი დღენი ცხოვრებისანი. ამათ არც სამსახური სამსახურად ეთვლებათ და არც იმოდენა გასამრჯელო აქვთ, რომ სოფლის მასწავლებელის ჭირნახულობისათვის ცოტად მაინც შეზომილი იყოს. ცოტად თუ ბევრად ნასწავლი, გონება-გახსნილი სოფლის მასწავლებელი არის სადღაც მიყრუებულ ადგილას, ქვეყნის სიამოვნებას მოშორებული, ბევრჯერ მშიერი, ბევრჯერ მწყურვალი, ბევრჯერ სიცივეში, ზოგჯერ რიგიანი სადგურიც არა აქვს, რომ ავდარს მაინც გადურჩეს გაულახველად, დილიდამ საღამომდი იბრძვის, იღვწის ბავშების მომზადებისა და აღზრდისათვის და ყოველ ამისათვის ოცი და ოც-და-ათი თუმანი აქვს წელიწადში საცხოვრებლად. კაცმა რომ სამართლიანად გასინჯოს ეს ყოვლად უნუგეშო გარემოება სოფლის მასწავლებლისა, დააკვირდეს მის დაუღალავს ღვაწლს ყოველის დღისას, არ შეუძლიან იმ აზრზედ არ დადგეს, რომ სოფლის მასწავლებლობა სწორედ თავის გაწირვაა, მსხვერპლია, ადამიანის უმადურობით უფრო გამწარებული, უფრო გამწვავებული.
ამ მხრით უფრო უარესს ყოფაში არიან ქალები მასწავლებელნი, ნამეტნავად თუ ბედს არ ურგუნებია მათთვის სახელმწიფო სასწავლებელში სადმე რაიმე თანამდებობა. ამათი ჯაფა, იმავე თავგაწირულობით და სიმძიმით დატვირთული, უფრო ნაკლებ პატივცემულია, უფრო ნაკლებ დაზღვეულია გასამრჯელოთი და სასყიდლითა. გარდა ამისა, რაც უნდა უკეთ მომზადებული იყოს, რაც უნდა თავ-გამომეტებული თავისის თანამდებობის აღსრულებისათვის, რაკი ქალია, იშვიათად უპირატესობა მიეცემა ხოლმე მამაკაცის წინაშე, როცა ორივენი ერთს დროს წარსდგებიან ადგილის საშოვნელად. ეს გარემოება და ცილება ხშირად კარგად მომზადებულს ქალს ულუკმა-პუროდ სტოვებს და საწყალი ქალი, რომელმაც უკეთესი თვისი დრო მასწავლებლად მომზადებას მოახმარა და შესწირა იმ პატიოსანის ფიქრით, რომ ჩემს დედ-მამას მუქთამჭამელად აღარ ვეყოლებიო, მე თვითონ მოვინაგრებ რასმეო, გულდაწყვეტილი ემორჩილება უმართლოებას და გარემოების სისასტიკეს, ზნეობრივად დაჩაგრული და ღონე-მიღებული.
ასეთმა ყოფამ ქალის-მასწავლებელისამ გამოიწვია ჩვენში ერთ-გვარი საზოგადოება საკუთრივ ქალთა-მასწავლებელთა შემწეობისა და ხელშეწყობისათვის. სასიამოვნო ეს არის, რომ ეს საზოგადოება შესდგა თვით ქალების თაოსნობით და მეცადინეობით და 4-ს იანვარს, როცა დამტკიცებულის წესდების ძალით, პირველი კრება მოხდა ამ საზოგადოებისა, საზოგადოება მოქმედებას შეუდგა, — საზოგადოების მმართველად და გამგებელად სულ ქალები არიან ამორჩეულნი და სწორედ ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქმე კეთილად წარიმართება. ქალები ამისთანაებში უფრო მხნენი, უფრო მოხერხებულნი, უფრო დაუღალავნი არიან, ვიდრე, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენ, მამაკაცნი, ვართ. ამ საქმის დამწყებთა სადიდებლად და ჩვენდა სასიხარულოდ ჩვენ ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა ჩვენში ქალების მხრით თავისის საკუთარის ძალ-ღონით ბურთის გატანისა ცხოვრების მოედნიდამ. პირველი მაგალითია, რომ ქალებს თავისი საქმე დაუწყიათ უსარგებლო ჩივილით და ხვეწნით კი არა, როგორც აქამდის ვიცოდით ხოლმე, აცა გვიშველეთ, ვიღუპებითო, არამედ თვისი საკუთარი მხნეობა, საკუთარი თაოსნობა და საკუთარი თვითმოქმედება ფარხმლად აუღიათ, რომ თავის საკუთარის ძალ-ღონით წინ აღუდგნენ ქალთა დამჩაგრავს გარემოებასა და ბედი, შეძლებისამებრ, თავისაკენ მოატრიალონ. ამ თვითმოქმედებაშია მთელი სიმძიმე ამ თავმოსაწონის და პატიოსანის საქმისა. ამასთანავე მთელი სახელოვანებაც, და ამაზედვეა დამყარებული იმედი გამარჯვებისა. თვითმოქმედება ყოვლად მხსნელი და ძლევამოსილი ძალია ყოველსფერში და ნამეტნავად მაშინ, როცა კაცს, თუ საზოგადოებას, თავის-თავის შველა უნდა.
ტფილისი, 7 იანვარი, 1886 წ.