“ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს“ – დასახიჩრებული ცხედარი ტყის მასივში იპოვეს
11:47:06     09-11-2015
პოლიციაში შედის შეტყობინება ახალგაზრდა ქალის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ. კვალი ტყის მასივში მიდის… სამძებრო სამუშაოებში, პოლიციასთან ერთად, რამდენიმე ადგილობრივიც აქტიურობს…. ცხედარს ტყის საკმაოდ მიუვალ ადგილას პოულობენ… არსებული დაზიანებები მიუთითებს იმაზე, რომ ქალი სასტიკად არის ნაწამები… გამომძიებელთა ჯგუფი ცდილობს, ამოხსნას, ვინ დგას შემზარავი დანაშაულის უკან… ერთი შეხედვით, მკვლელობა „პროფესიონალურად“ არის შესრულებული, თუმცა მკვლელმა ყველაფერი ვერ გათვალა…
ეს არ არის რომელიმე დეტექტიური ფილმის სიუჟეტი… ამბავი რეალურია და ის გასულ კვირას იმერეთის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად არ დავასახელებთ გარდაცვლილისა და ბრალდებულის ვინაობას. სტატიაში მათ სხვა სახელითა და გვარით მოვიხსენიებთ.
მოკლედ, მაია ქარქაშაძე, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, საკმაოდ
ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. მეზობლების გადმოცემით, იმ დღეს ოჯახის უფროსი
თბილისში სამუშაოდ იყოს წასული, მაია კი ტყეში წაბლის საკრეფად წავიდა.
„უკვე შებინდებული იყო, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა. მეზობლებთან
მოიკითხეს, ახლობლებთან დარეკეს, მაგრამ არსად ჩანდა. ამის შემდეგ პოლიციას
დაუკავშირდნენ და დაიწყეს ძებნა. ჩვენც, სამეზობლო, ჩვენი ძალებით
ვეძებდით და ბოლოს ღრმა ტყეში ისევ პოლიციამ იპოვა გარდაცვლილი“, –
გვიყვება გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.
შემთხვევის ადგილზე პოლიციას იმაზე შემზარავი სურათი დახვდა, ვიდრე
ვინმე წარმოიდგენდა. როგორც ჩანს, მკვლელმა მაია ჯერ სასტიკად სცემა,
რადგან სახე დასახიჩრებული ჰქონდა, შემდეგ კი გაგუდა. ერთ-ერთი ვერსიით,
ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ქალი ჯერ
მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. ამ დეტალებს, ალბათ, ექსპერტიზა დაადგენს.
ცხედარი იმავე დღეს სწორედ ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში გადაასვენეს,
დასკვნა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
პოლიციამ მაშინვე დაიწყო მოწმეების დაკითხვა და სავარაუდო ეჭვმიტანილთა
წრის შედგენა. საქმე რთულად გამოსაძიებელი ჩანდა, თუმცა გამომძიებელი ერთმა
დეტალმა დააეჭვა, სწორედ ეს დეტალი გახდა ცხელ კვალზე საქმის გახსნის
საფუძველი:
როგორც აღვნიშნეთ დაკარგული ქალბატონის მოძებნაში პოლიციას მეზობლებიც
ეხმარებოდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც
სამართალდამცავებს საკუთარ ვერსიებს სთავაზობდა იმის შესახებ, სად
შეიძლებოდა ეპოვათ მაია. მის მიერ დასახელებული ყველა ადგილი მცდარი
აღმოჩნდა. ერთ-ერთი მორიგი „ცრუ ადგილის“ დათვალიერებისას გამომძიებელმა
მის კისერზე არსებული ნაკაწრი და სისხლჩაქცევა შეამჩნია, რის შემდეგაც
განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ,
დაკითხვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მან დანაშაული აღიარა და დეტალურად
აღწერა, რა ვითარებაში და რა მოტივით მოკლა მაია ქარქაშაძე.
სწორედ ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება
გაავრცელა, რითაც ირკვევა, რომ ბრალდებული 18 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც
40 წლის ქალბატონი, სამი შვილის დედა სიცოცხლეს გამოასალმა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)“, – ნათქვამია შსს-ს
განცხადებაში, თუმცა არ არის გამორიცხული, მას ბრალი სექსუალური ძალადობის
მუხლითაც დაუმძიმდეს. სავარაუდოდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც გამოძიებას
ექსპერტიზის დასკვნა გადაეცემა.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ნოდარ
კაკაბაძეა (სახელი და გვარი შეცვლილია. – ავტ.) და ის მაია ქარქაშაძის
მეზობლად ცხოვრობდა. ბიჭი რაიონულ ცენტრში მუშად მუშაობდა და როგორც
მეზობლები ყვებიან, იმ დღესაც სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო. მათი
ვერსიით, ტყეში წაბლის საკრეფად გასულ მაიას ის ჩუმად აედევნა და შუაგულ
ტყეში, იქ, სადაც ქალი საშველად ვერავის მოუხმობდა, მისი გაუპატიურება
სცადა.
„გავიგეთ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მაია უცემია და მერე ხელით
გაგუდაო. ვერ გეტყვით რამდენად მართალია, მაგრამ იმასაც ამბობენ, თითქოს
ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარაო. არ
ვიცი, ეს ახალგაზრდა ბიჭი ასე არაადამიანურად რატომ მოიქცა, ასე რამ
გაამხეცა, რომ სამი შვილის დედას ასეთი რამ დამართა. მთელი სამეზობლო შოკში
ვართ. მაგათი ოჯახი საერთოდ გადასახლდა აქედან, არ ვიცით, სად წავიდნენ,
მაგრამ აქ რომ დარჩენილიყვნენ, ალბათ, კიდევ რაღაც უბედურება
დატრიალდებოდა“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
„პრაიმტაიმი“ გარდაცვლილის ძმას დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ნოდარ
კაკაბაძე მაიას წინა დღეებშიც რამდენჯერმე მალულად აედევნა, რაც ოჯახს
აფიქრებინეს, რომ მკვლელი ხელსაყრელ მომენტს ეძებდა.
ბაგრატ ქარქაშაძე, გარდაცვლილის ძმა:
– ძალადობა ნამდვილად მოხდა. სამი შვილის დედა, უპატიოსნესი ადამიანი
წავიდა ტყეში, წაბლი უნდა მოეკრიფა და ეს 18 წლის ბიჭი უკან გაჰყოლილა.
გაგუდა, სახეზე წიხლები ურტყა… ცხედარს სახე აღარ უჩანს თითქმის, თვალები
ამოყრილი აქვს, ყბა მოტეხილი… არ ვიცი, რა ვთქვა…
– სხვა დროს თუ შეგიმჩნევიათ ეს ბიჭი მსგავს მცდელობაში?
– მეზობლებისგან ვიცი, რომ წინა დღეს სადარბაზოში დახვდა და შეაშინაო. ჩემს
დას რამდენჯერმე სხვა დროსაც გაჰყოლია ჩუმად უკან. ეტყობა, ხელსაყრელ
მომენტს ეძებდა. პოლიციამ რომ დაკითხა, მალევე აღიარა ყველაფერი. ვნახოთ
ახლა, ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრალდებულის ოჯახი შესაძლო დაპირისპირების
თავიდან ასაცილებლად, სხვაგან გადაბარგდა. ჩვენს ჟურნალისტს კაკაბაძეების
სახლში არავინ დახვდა, თუმცა „პრაიმტაიმი“ ტელეფონით დაუკავშირდა
ბრალდებულის დას, რომელიც ამბობს, რომ ეს ამბავი მისი ოჯახისთვისაც სრულიად
მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო.
„ოჯახებს კარგი ურთიერთობა გვქონდა, არანაირი კონფლიქტი ჩვენ შორის არ
ყოფილა. არ ვიცი, რა დაემართა. ახლა იქ არ ვართ. გვირჩიეს, გაერიდეთ იმ
ადგილსო. სხვა ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ წარსულში პოლიციასთანაც
არასდროს ჰქონია პრობლემები. დედასთან ერთად მუშაობდა თურქეთში, ახლაც სამი
თვით იყოს წასული. უბანშიც კარგი სახელი ჰქონდა და რატომ გააკეთა ასე, არ
ვიცით. ფაქტია, რომ დანაშაული აღიარა“, – ამბობს ბრალდებულის და.
ეს საქმე შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ცხელ კვალზე გახსნა. ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია და, სავარაუდოდ, სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა არა მხოლოდ განზრახ მკვლელობის, არამედ სექსუალური ძალადობის მუხლითაც წარიმართება.