აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ქართველი უფროსი სერჟანტი საზღვაო ძალების მედლით დააჯილდოვეს

  10:45:35     09-11-2015

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა უფროსი სერჟანტი მსხვილიძე აშშ-ის საზღვაო ძალების მედლით დააჯილდოვეს.

ავღანეთში რეგიონულ სარდლობა „სამხრეთ-დასავლეთის“ დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ბათუმის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში მსახურისას, საბრძოლო მოვალეობების შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისათვის 32-ე ბატალიონის უფროს სერჟანტ ფირუზ მსხვილიძეს აშშ-ის საზღვაო ძალების მედალი გადაეცა.

მედლის გადაცემის პატივი აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს და აშშ-ის საზღვაო ქვეითი კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალებს ერგოთ. უფროსი სერჟანტი მსხვილიძე ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკის საზღვაო ძალების ქვეითებთან ერთად მსახურობდა.