"როცა ვინმეს კლავენ, ყველა ამაზე ლაპარაკობს" - ლია ლიქოკელის ახალი ლექსი
12:22:30     05-11-2015
როცა ვინმეს კლავენ, ყველა ამაზე ლაპარაკობს.
ისე, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.
ლაპარაკობენ,
როგორ მოსწყდა საღამოს ჩრდილებს გასროლის ხმა,
როგორ დაფრთხნენ ცხენები ჭალაში.
როგორ იწვა მაღალ ბალახში
გულაღმა,
შუბლგახვრეტილი.
და როგორ გაუშავდა თვალები,
სანამ სახლში მიასვენებდნენ.
არკვევენ, ზუსტად რომელ საათზე დაიწყო დედამისმა
გაბმული კივილი
და რამდენ დღეში ჩაუწყდა ხმა.
ლაპარაკობენ, როგორ იტირა ცოლმა,
ან - როგორ არ იტირა,
როგორ დადიოდა ოთახიდან ოთახში
სიკვდილის სილურჯით პირაკრული.
ეცვა მკვდარი ქმრის ჯემპრი,
და არჩევდა მის ფოტოს,
რომ გაედიდებინათ, ჩარჩოში ჩაესვათ
და ყველას ენახა,
რა ლამაზი კაცი მოუკვდა.
არკვევენ, ყმოუდა თუ არა მათი ძაღლი წინა დღეებში.
ნახა თუ არა ცუდი სიზმარი ცოლმა წინა ღამეს.
თუ დადიოდა ბოლო კვირაში ძველებურად თავაღერილი,
ამჩნევდნენ თუ არა მეზობლები,
რომ ვიღაცას შეაკვდებოდა.
არჩევენ, რომელი უფრო დაემსგავსა შვილებიდან.
რომელს უფრო დაამახსოვრდება მამა.
დაჰყვება თუ არა ასეთივე ბედი მის ბიჭს,
იცოცხლებს თუ არა მამამისზე დიდხანს.
ისწავლის თუ არა მისი მკვლელის სახელს,
შეახმება თუ არა მკვდარი მამის სისხლი.
ლაპარაკობენ, რომ მოუხდებოდა უკეთესი ჭურჭელი
ახალგაზრდა მკვდრის სუფრას.
რომ უნდა მოეტანათ უფრო ღონიერი არაყი
და უფრო გემრიელი საჭმელი.
რომ უფრო ადრე უნდა წასულიყვნენ მიწის გასათხრელად
მესაფლავეები,
უნდა წაეღოთ ნაკლები სასმელი, მეტი წერაქვები,
და უნდა დაეტოვებინათ თუ არა ადგილი
საფლავის გვერდით
მისი ცოლისთვის,
რადგან ჯერ ახალგაზრდაა და,
ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება გათხოვდეს.
ლაპარაკობენ, ვინ იცეკვებს პირველი სოფელში,
როცა გლოვის დღეები გადაივლის,
ვინ გაისვრის პირველი თოფს.
ლაპარაკობენ, ვინ გააჭენებს მის ცხენს,
ვინ გათიბავს ბალახს მათ სათიბებში,
ვინ ჩამოკრეფს ეზოში ვაშლს,
ვინ დაბარავს გაზაფხულზე მიწას,
ვინ მოუვლის მის საფლავს,
თუ გაუჭირდება უკაცო ოჯახს აქაური ზამთრები,
თუ აიყრებიან და გადასახლდებიან.
ილაპარაკებენ, სანამ ყველას არ ჩაუდგება პირში
ტყვიისა და სისხლის გემო,
სანამ უსაშველოდ არ დაგრძელდება სიკვდილის მოკლე ენა.
სანამ არ ჩამოუწყდება დედამისს საბძელში ჩამობმული თოკი.
სანამ არ შემოადნება ტანზე მის ცოლს
ყველა შავი და მუქლურჯი კაბა.
ილაპარაკებენ.
და ჩაჟანგდება სიკვდილი სოფელში,
როგორც შუბლში ჩარჩენილი ტყვია.
და გაღვივდებიან მისი შვილები
სისხლზე ამოყრილი ყვავილებივით.
და შეუყუდებს მისი სახლი ყვითელ საფეთქლებს
გაბმულ ლაპარაკს, გაბმულ ზამთრებს,
და მისი ცოლის გაბმულ სიკვდილებს,
და დაბერდება მის საფლავზე დაყრილი მიწა,
და ლაპარაკი მის სიკვდილზე,
კედელზე თოფივით ჩამოკიდებული ლაპარაკი,
და ერთ გასროლაში ჩატენილი ცხოვრება.
როცა ვინმეს კლავენ, ყველა ამაზე ლაპარაკობს.