რუსეთის ავიაიერიშებს ლატაკიაში 120 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა

  13:24:21     20-10-2015

როგორც თურქული მედია იუწყება, სტამბოლის აზიურ ნაწილში, ფენდიკას რაიონში "ისლამური სახელმწიფოს" სასწავლო ცენტრი აღმოაჩინეს, სადაც, სავარაუდოდ, მოზარდებს ტერორისტებად ამზადებდნენ.

ცენტრი მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ აღმოაჩინეს. დაკავებულია ტაჯიკეთისა და უზბეკეთის 53 მოქალაქე, მათ შორის 24 მოზარდი სასწავლო ცენტრში მათ რადიკალურ ისლამს ასწავლიდნენ. ისინი ასევე გადიოდნენ წვრთნებს ISIS-უს სამხედრო ბაზაზე.

სწავლის დასრულების შემდეგ მოზარდებს სირიასა და ერაყში ტერორისტულ ორგანიზაციასთან ერთად საბრძოლველად გაგზავნიდნენ.

ამასობაში კი, რუსეთის ავიაიერიშებს ქალაქ ლატაკიაში 120 ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა.

ამ ინფორმაციას სირიის ოპოზიცია ავრცელებს, რომელიც ირწმუნება, რომ რუსულმა მოიერიშეებმა ლატაკიის გარეუბნები დაბომბეს, რამდენიმე რაკეტა კი დასახლებულ პუნქტში ჩავარდა.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის ქალებიც და ბავშვებიც არიან. სირიის ოპოზიცია ასევე ირწმუნება, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ავიაიერიში განახორციელეს დამასკოს გარეუბანზე და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ბომბები გამოიყენეს.

რუსეთის ავიაციამ ქალაქი ალეპოც დაბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს 49 სამიზნე გაანადგურეს.