რუსებმა დოკუ უმაროვს ამჯერადაც ვერ მიაგნეს

  14:43:30     29-03-2011

ჩეჩენი საველე მეთაურის დოკუ უმაროვის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში პერიოდულად ვრცელდება. იჩქერიის პრეზიდენტის გარდაცვალების ვერსია ამჯერად ინგუშეთში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გაჩნდა. რუსული მედია ირწმუნება, რომ ძალოვნებმა მებრძოლების მსხვილ საწვრთნელ ბაზას მიაგნეს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, სამი სპეცოპერაცია ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა: ერთი ნაზრანში, მეორე სოფელ ზედა ალკუნში და მესამე, ყველაზე მასშტაბური, იმავე სახელწოდების ტყესთან, ინგუშეთის საზღვარზე. სწორედ იქ იმყოფებოდა სამხრეთ–დასავლეთ სექტორის „კავკასიის იმირატის“ სამეთაურო ბაზა, სადაც, როგორც რუსები ირწმუნებიან, თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებდნენ.

ბაზაზე იქნენ დაპატიმრებულნი „დომოდედოვოს“ აეროპორტის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები იანდიევები. ოპერაციამდე, წინასწარ, საჰაერო დაზვერვა ჩატარდა. გავრცელებული ოპერაციის დეტალების მიხედვით, ინგუშეთის საზღვართან მდებარე ტყეში შეტევა ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად, მოხდა სარაკეტო დარტყმა ვერტმფრენიდან. სპეცრაზმს ბაზაზე მყოფებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

ოპერაციის დაწყებისთანავე, ორი რუსი სპეცრაზმელი დაიღუპა, თუმცა ჩეჩენმა მებრძოლებმა ალყიდან გაღწევა ვერ შეძლეს. მაშინათვე გავრცელდა ცნობა, რომ დაღუპულთა შორის, შესაძლოა, დოკუ უმაროვიც ყოფილიყო. თუმცა, რუსებს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ აქვთ. ამიტომ გაჩნდა მეორე ვერსიაც, რომ უმაროვმა ალყიდან გასვლა მოახერხა. ცნობილია, რომ სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ პირთა შორის დოკუ უმაროვის გარემოცვის წევრი სუპიან აბდულაევია.

როგორც ცნობილია, დოკუ უმაროვი 2006 წელს, იჩქერიის პრეზიდენტის აბდულხალიმ სადულაევის სიკვდილის შემდეგ, მისი მემკვიდრე გახდა. მანვე გამოაცხადა „კავკასიის იმარატის“ შექმნის შესახებ. იმარატის ხელმძღვანელმა საკუთარ თავზე აიღო გასულ წელს, მოსკოვის მეტროსა და აეროპორტში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა.

ჩეჩენი მებრძოლების ლიდერი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო ტერორისტების სიაში მიმდინარე წელს შეიყვანა. ამის მიზეზი კი თავად დოკუ უმაროვის განცხადება გახდა, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტემენტის ეს გადაწყვეტილება საეჭვოდ დაემთხვა მედვედევის აშშ–ში ვიზიტს.

თებერვალში ინტერნეტში უმაროვის ვიდეორგოლი გამოჩნდა, სადაც საველე მეთაური რუსეთს „ცრემლების წელს“ უწინასწარმეტყველებდა და მოსკოვში ახალი ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა. როგორც ცნობილია, „დომოდედოვოს“ ტერაქტი 2011 წლის 24 იანვარს მოხდა. დაუღუპა 36 ადამიანი და 180 დაიჭრა.

ჩეჩნეთში დოკუ უმაროვის გარდაცვალების შესახებ ხმები გასულ წელსაც გავრცელდა. ინფორმაცია მაშინაც რუსული სამართალდამცველი სტრუქტურებიდან გამოვიდა. იმდროინდელი წყარო ირწმუნებოდა, რომ მთიან რაიონებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უმაროვის გვამი აღმოაჩინეს. თუმცა მაშინ ეჭვი გაჩნდა, რომ უმაროვის გარემოცვა ცნობებს თავად ავრცელებდა, რუსული პოლიციისა და ჯარის ყურადღების გადასატანად.

უმაროვმა თავად ემირატში რამდენიმე სერიოზული წმენდა ჩაატარა, შარიათის სასამართლოს თანხმლებით და რიგი საველე მეთაურები ჩამოიშორა. კავკასიის იმარატის კონცეფცია ისლამური, შარიათზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, ჩრდილოეთ კავკასიაში. ის მოიცავს დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო–ბალყარეთს.

მთიან რეგიონებში გაბნეულ სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფებს (ჯამაათებს) რელიგიური იდეოლოგია და რუსული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა აერთიანებს. რუსეთის ფედერალური არმისა და პოლიცია დაჯგუფებებთან გამკლავებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს.