მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რა მოხდა მე-5 ბრიგადაში?

  10:24:26     05-10-2015

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?  საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის პირველი კლასის რიგითი, 33 წლის  თამაზ თამარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მას გულში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეით ბრიგადაში გარდაცვლილი ჯარისკაცი, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ  საკუთარ სახლში, დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში გადაასვენეს.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს რომ თამარაშვილი მოკლეს. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევის დროს გარდაცვლილს ეძინა.  

გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები სამხედრო ნაწილის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ეჭვობენ რომ შესაძლოა, მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.

ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. 

33 წლის თამაზ თამარაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.