ლიბიაში ნატო სახმელეთო ოპერაციას არ გეგმავს
11:58:07     29-03-2011
ლიბიის ოპერაციის მიზანი ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტა და ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლაა. ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლინგესკუმ განაცხადა.
ალიანსის წარმომადგენელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპერაციის დასრულების დრო განსაზღვრული არ არის. მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ, გაეროს რეზოლუციის თანახმად, ნატო ლიბიაში სახმელეთო მოქმედებებს არ აპირებს.
თუმცა, მაინც ცნობილი ხდება, რომ ეს ოპერაცია, სავარაუდოდ, ორი-სამი კვირა გაგრძელდება. უფრო დეტალური ცნობები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
დღეს კი ლონდონში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია ლიბიის კრიზისის თემაზე, სადაც 40 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ვარაუდობენ, ლიბიის საკითხზე, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.