"კორტების სპეცოპერაციის" მორიგი სასამართლო გაიმართა

  17:55:38     25-09-2015

ე. წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს სამი ექსპერტი ჰყავდა წარმოდგენილი. მათ შორის ექსპერტი მაია გოგიტაური, რომელმაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უშუალოდ ჩაუტარა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის გვამებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაცვის მხარის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა.

„მაია გოგიტაურმა ცალსახად აღნიშნა, რომ ვაზაგაშვილის სხეულის იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ახლო მანძილიდან სროლისათვის დამახასიათებელი კვლები, ვერ იქნა აღმოჩენილი.  ამასთან, ჩვენ მანამდე დავკითხეთ ექსპერტები, რომლებმაც გამოიკვლიეს ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის ტანსაცმელი.  მათი განმარტებით, ტანსაცმელზე ასევე ვერ იქნა  აღმოჩენილი ახლო მანძილიდან სროლისათვის დამახასიათებელი დამატებითი კვლები.  გამომდინარე აქედან, ჩვენ ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახლო მანძლიდან გასროლა არ ყოფილა.

რაც შეეხება მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც დასკვნაში წერს, რომ ეს დაზიანებები ახლო მანძილიდან გასროლას უნდა გამოეწვია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი ვარაუდი, იმდენად, რამდენადაც ის ეწინააღმდეგება იმ ექპერტების დასკვნებს, რომლებაც უშუალოდ მოახდინეს გამოკვლევა. ნიკოლეიშვილმა კი გამოკვლევა, მხოლოდ საქმის მასალებით, ფოტოსურათებით აწარმოა. ის არ ყოფილა ექპერტიზის უშუალო მონაწილე, შესაბამისად მისი დასკვნა არ შეიძლება იყოს უფრო მყარი, ვიდრე იმ ექსპერტების, ვინც უშუალოდ გამოკვლევებს აწარმოებდნენ.

ჩვენს კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ვაზაგაშვილისათვის დაზიანებულ მიდამოებში ახლო მანძილიდან სროლისათვის დამახასიათებელი კვლების არსებობა არარსებობას,    ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ არ იცის და ამ ნაწილში სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნას ენდობა. ექსპერტმა გოგიტაურმა ცალსახად განმარტა, რომ ასეთი კვლები სხეულზე ნანახი ვერ იქნა, ვერ იქნა ნანახი იმ ადგილებშიც, რომელიც ტანსაცმლით არ იყო დაფარული. გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ ექსპერტების დასკვნებს, რომლებმაც გამოკვლევა კვლევის ობიექტზე უშუალოდ ჩაატარეს და არა შემდეგ ამ ექსპერტების დასკვნების რევიზიას.

რაც შეეხება მესამე ექსპერტს, მისი დაკითხვა არ დაგვისრულებია, დაკითხვა შემდეგ სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება. მისი ჩვენების საბოლოო შეფასება ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი“- განაცხადა დავით ხაჟალიამ.

ე. წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მოდმდევნო სასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.