აღორძინების თვალი პატიოსანი

  18:07:11     28-03-2011

1483 წლის 28 მარტს (სხვა ვერსიით 6 აპრილს) დაიბადა რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი რაფაელ სანტი (Raffaello Sanzio). მეცნიერებს უფრო 6 აპრილი მიაჩნიათ მის დაბადების დღედ. ჩვენც ასე გვგონია, ვინაიდან ამას გარდაცვალების თარიღი ამტკიცებს - 1520 წლის 6 აპრილი. ეს ხომ საკრალური მინიშნებაა დიდი შემოქმედის, რაფაელის მისტიურ როლზე, სამყაროს შემოქმედის მხრიდან. თუმცა დაბეჯითებით ძნელია თქმა. 28 აპრილიც მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში, საკრალური თვალსაზრისით.

 

ჰაინრიხ ჰაინე წერდა: “მე რომ მქონიდა რაფაელის ფუნჯი, მოცარტის მელოდია და კალდერონის ენა, იქნებ მეც რაიმე გრძნობა ჩამენერგა თქვენთვისო”.

 

რაფაელო დაიბადა ქალაქ ურბინოში. მამას ერქვა ჯოვანი სანტი, რომელსაც ქალაქ ურბინოში ჰერცოგ გვიდობალდო და’ მონტეფელტროს რეზიდენციაში საკმაო გავლენა ჰქონდა. ხელმძღვანელობდა ჰერცოგის კარის გართობას და ხელოვნების საქმეებს. პარალელურად ასწავლიდა მხტვრობას. რაფაელი პატარაობიდან კარგად ხატავდა. ხატვა მამამ ასწავლა. რაფაელის დედა მაჯა სანტი, ურბინოში კარგად ცნობილ ძველ ვაჭართა ოჯახიდან იყო.

 

8 წლის ასაკიდან მამას თანაშემწეობას უწევდა, დაჰყვებოდა სან-ფრანჩესკოს ეკლესიაში, სადაც ჯოვანი სანტი (სანციო) ფრესკებს ხატავდა. ძალიან ლამაზი ბავშივი ყოფილა, გოგოსავით ლამაზი. მამამ პატარა ჯოვანი ლათინურ სკოლაში მიაბარა, უნდოდა საფუძვლიანი განათლება მიეღო. რაფაელი ჯერ კიდევ პატარა იყო, სკოლაში სწავლობდა, დედა რომ გარდაეცვალა - მშობიარობას გადაჰყვა. სულ მალე რაფაელს ჩვილი დაც გარდაეცვალა. გოგონა დედასთან ერთად დამარხეს, ერთ საფლავში. მამა მეორედ დაქორწინდა, თუმცა დარდმა თუ ავადმყოფობამ მალე შეჭამა და როდესაც რაფაელი 11 წლისა იყო, მამაც გამოაკლდა.

 

შემდეგ რაფაელმა ხატვის შესწავლა განაგრძო ოსტატ ვიტესთან, მერე კი პერუჯაში მხატვარ პიეტრო ვანუჩის (პერუჯინო) მოწაფე გახდა. პერუჯინო აღტაცებული იყო თავისი მოწაფით. მისგან რაფაელმა ბევრი რამ ისწავლა. ისინი უცებ დამეგობრდნენ. 17 წლისას უკვე ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ნახატები "რაინდის სიზმარი", "სამი გრაცია" და "პერუჯინოს პორტრეტი".

 

1504 წელს რაფაელი გაემგზავრა  ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. არც შეიძლება სხვაგვარად - პირველ ხანებში რაფაელი განიცდიდა მათ გავლენას, თუმცა მიქელანჯელო მასზე მხოლოდ 8 წლით იყო უფროსი. მათგან ისწავლა ადამიანის სხეულისა და მისი ნაწილების ანატომიურად მართებული გადმოცემა. ასევე მის ადრეულ ნახატებში ფრა ბართლომეოს გავლენაც შეიგრძნობოდა. ლეონარდო, მოქელანჯელო და რაფაელი აღორძინების ხანის უდიდეს შემოქმედებად ითვლებიან.

 

რაფაელის ფლორენციაში მოღვაწეობის წლებს “მადონების პერიოდი” უწოდეს. ვინაიდან, ამ ხანებში შექმნა: “მადონა მწვანეში”, “მადონა მშვენიერი მებაღე”, “მჯდომარე მადონა”, “დიდი ჰერცოგის მადონა”. ღვთისმშობელს ის მერეც ხატავდა. უნდა აღინიშნოს, რომ რაფაელის მადონები აღორძინების ყველა ნიშანს ატარებს და სახარების ყველა პრინციპს იცავს. მის მიერ დახატული მადონა, ღვთისმშობელი სრული უმანკოების, ქალწულობის გამოხატულებაა, უსაზღვრო დედობრივი სიყვარულის მატარებელია, დიდი ღვთაებრივი მისიის და ადამიანური დრამატიზმის მცნობი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ ადამიანურად მაინც ძალიან განიცდის. რაფაელის ყრმა იესო, ნამდვილად, დამაჯერებლად ადამიანია, საყვარელი ბავშვია, თუმცა მის თვალებში ღვთიურ ბუნებას ამოიკითხავთ.

 

25 წლისა მიემგზავრება რომში პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვაზე მუშაობას. მოხატა სამი დიდი დარბაზი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი დიდი ოსტატობა, ფრესკების უნატიფესი ხატვა. გარდა ფრესკებისა, რაფაელი დიდოსტატობას ავლენდა პორტრეტების წერისას. ის ადამიანი შინაგან განწყობას, ხასიათს კარგად გრძნობს და შესანიშნავად ახერხებს მის გადმოცემას. გარდა ფერწერისა, მისი  ტალანტი გამოვლინდა არქიტექტურაში, ცოტა ხნით ის ხელმძღვანელობდა წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობას (სხვა ეკლესიებიც წამოიწყო). გობელენების ოსტატიც გახლდათ.

 

რაფაელი გარდაიცვალა 37 წლისა. მთელი რომი და იტალია, ყველა, ვისაც კი თვალი ჰქონდა შევლებული მისი ნამუშევრებისთვის, თავზარდაცემული იყო.  ძალიან ახალგაზრდა გამოაკლდა რენესანსს, მსოფლიოს კულტურას. ალბათ, კიდევ რამდენი რამის შექმნა შეეძლო, თუმცა, რაც დატოვა აუწერელი განძია კაცობრიობისათვის. სწორედ რაფაელს უკავშირებდნენ აკადემიზმის ხანის დაწყებას ევროპაში.

 

დიდი გოეთე რაფაელს სამ უდიდეს შემოქმედთა შორის ასახელებდა. ჩვენი მშვენიერი მკვლევარი აკაკი გელოვანი წერდა: “თუ ლონარდო და ვინჩი აღორძინების ტვინია, ხოლო მიქელანჯელო - მარჯვენა, რაფაელი მისი გულია და თვალი პატიოსანი”.

 

რაფაელის არა ერთი შედევრი აღელვებს, აღაფრთოვანებს და ხიბლავს, აჯადოვებს, ატყვევებს მსოფლიოს საუკუნეების მანძილზე, "სიქსტეს მადონა" (რომელიც ალბათ ერთ-ერთი უდიდესი შედევრია, რაც ადამიანს შეუქმნია), “ჯვრის ზიდვა” (ეს სურათი გემით გადაჰქონდათ თურმე, გემი ჩაიძირა, ყუთი, რომელიშიც უკვდავი ტილო იდო თავად გაირიყა ნაპირზე), “მადონა ღრუბლებში”, “მადონა მწვანეზე”, “მადონა ჩიტბატონათი”, „მადონა თევზით”, “მადონა დორეტოელი”, “მადონა საჩრდილობელში”, “მადონა მძინარე ყრმისა და იოანეს თანხლებით”, “იოსების სიზმარი”, “წარღვნა”, სურათები წმინდა ოჯახზე და სხვა.

 

რაფაელი პაპს მიწისქვეშა გათხრების უფროსად დაუნიშნავს. ციება დაეწყო. 28 მარტს ავად გახდა და 6 აპრილს გარდაიცვალა. საყვარელ ადამიანთან შეერთება ვერ შეძლო კაცობრიობის საყვარელმა ადამიანმა. არ ვიცი, მართლა რომელია მისი დაბადების დღე, 28 მარტი თუ 6 აპრილი, თუმცა ეს ორივე თარიღი მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში. ამ თარიღებმა კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ადამიანი შქმნილია ხატად ღვთისა. ასევე ამ თარიღებმა მეტი მისტიფიცირება მოახდინეს  მისი პერსონისა. გოეთე აზრით, უფალს შესაქმის 6 დღის მერე არ დაუსვენია, ის უდიდეს შემოქმედებს, მათ შორის რაფაელს ქმნიდაო.