“ომი არ არის პათეტიკა, როდესაც შენი ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებებისას იღუპება - ეს არის გმირობა"

  12:19:00     24-09-2015

გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „მაესტროს ფაქტორში“ საქართველოს უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა, წამყვანის შეკითხვაზე, თუ რა შედეგს აძლევს სახელმწიფოს ავღანეთში ქართველი ვაჟკაცების თავდადება და რა უნდა მიიღოს სახელმწიფომ მათი სისხლის ფასად ხიდაშელმა განაცხადა რომ :

“ომი არ არის პათეტიკა, როდესაც შენი ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებებისას იღუპება - ეს არის გმირობა. ომში  სიხარულით არავინ მიდის, ომში მიდიან რწმენითა და იმედით და სამწუხაროდ, ომის ბოროტი კანონია, რომ ის ზოგჯერ ფატალურად მთავრდება.

რაც შეეხება შედეგს,  საქართველომ ძალიან დიდი ხნის წინ თქვა, რომ ის ჩამოყალიბდა თავისუფლებისთვის მებრძოლ სახელმწიფოდ. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით ამ თავისუფლებისათვის.

ჩვენს წინაპარს არ დაუსვამსთ შეკითხვა, რატომ ვიბრძოდით.

სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იყოს აწყობილი მხლოდ გმირობითა და ჰერიოკით, ის არ უნდა მოქმედებდეს მხოლოდ ენთუზიაზმით და მოტივაციების გარეშე.

ყველა ქვეყნისთვის და მათი პოლიტიკური ლიდერებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი არის მისი სამშობლოს ინტერესების დაცვა, ჩვენთვისაც ჩვენი ქვეყნისთვისაც სწორედ ეს  არის მთავარი.
ჩვენი ინტერესია საერთაშორისო  მშვიდობის უზრუნველყოფა.

მე ძალიან მარტივ რამეს გეტყვით, დავხედოთ რუკას, ავღანეთიდან მომავალი საფრთხის ყველაზე ახლო მეზობელი საქართველოა და არა გერმანია, ინგლისი ან აშშ.

ტერორიზმის საფრთხის ყველაზე ახლო მეზობელი, მე ვგულისხმობ კოალიციურ ჯარებში, რა თქმა უნდა, თურქეთის შემდეგ არის საქართველო ამიტომ გეოგრაფიაც გვახსოვდეს.  ერთის მხრივ როგორც რეალური გეოგრაფიული საფრთხის წინაშე მდგომ ქვეყანას, ასევე უნდა გვახსოვდეს  გეოპოლიტიკური საფრთხეები, ამოცანები და გამოწვევები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ხარ საერთაშორისო მშვიდობის დამყარების მონაწილე, როცა ხარ საიმედო, სანდრო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და გაქვს შესაძლებლობა იდგე ამერიკელ, გერმანელ, ფრანგ,ინგლისელ, იტალიელ სამხედროებთან ერთად და იცავდე მშვიდობას, შენ ,რა თქმა უნდა, გაქვს მოლოდინი, რომ შენი უსაფრთხოება უფრო უკეთ იქნება დაცული. შენი შეიარაღებული ძალები უფრო მაღალი მომზადების რეჟიმში არიან. შენი შესაძლებლობები როგორც სახელმწიფოსი, თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები გაცილებით უფრო მყარი და გარანტირებულია, ეს მარტივი ამბავია-პარტნიორობა არის ორმხრივი გზა. ის არასოდეს, არცერთ დროში არ ყოფილა ცალმხირვი, არც საქართველოსთან მიმართებაში ყოფილა და არც იქნება. „

შემდეგი შეკითხვა შეეხებოდა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხს, როცა ჩვენი ქვეყანა ასე გულმოდგინედ იცავს მშვიდობას, მხარში უდგას საერთაშორისო ორგანიზაციებს და ასრულებს ყველა მითითებას უნდა გვქონდეს თუარა იმედი, რომ ვარშავის სამიტზე მივიღებთ MAP-ს.

“ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვდგავართ მსოფლიო ცივილიზებული სახელმწიფოს გვერდით, ჩვენ ამაყები ვართ რომ საქართველომ იპოვა საკუთარი ადგილი, დაიმკვიდრა ეს ადგილი და საქართველოს ყოველწუთიერად მადლობას ეუბნებიან გაწეული სამსახურისთვის და დახმარებისთვის.

მე დღესაც დამირეკა გენერალმა ავღანეთიდან და ის საუბრობდა იმ უზარმაზარ ღვაწლსა და წვლილზე, რომელიც ქართველ სამხედროებს მიუძღვით მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში.

MAP არ არის საქართველოს ამოცანა, საქართველოს ამოცანა არის ნატო-ში გაწევრიანება,
საქართველო არ იბრძვის MAP-ის მიღებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ნატო-ს წევრობისთვის და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობას არამარტო დეკლარილებულად როგორც ეს ბუქარესტში მოხდა, არამედ პრაქტიკულად რეალისტურს,დანახვადს, ხელმოსაკიდს გახდის -ეს არის საქართველოს ამოცანა, როგორც დეკემბრის მინისტერიალზე, ისე ვარშავის სამიტზე.

ამას სახელად რა დაერქმევა, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც თავდაცვის მინისტრის, მე ვფიქრობ, რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი აქვს დღეს (და ეს ინსტრუმენტები ყოველდღიურად იზრდება)  და იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი, ვიდრე რომელიმე აქამდე MAP-ის მქონე ან დღეს MAP-ის მქონე ქვეყანას აქვს. MAP-ს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა .

MAP-ი საკრალური მცნება გახდა ქართველებისთვის და პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, თუმცა ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ.“-ასეთი იყო თინა ხიდაშელის პასუხი.

 რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს თავდაცვის გარანტიების მიღება, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევის, რომ -ნატო-ს წევრობის გზაზე დადგომით. მისი თქმით, ჩვენ ახლა არა ნატო-ს წევრობის, არამედ MAP-ის გზაზე ვდგავართ, ბუქარსტის დეკლარაციაშიც გვიწერია, რომ საქართველომ ჯერ  MAP უნდა მიიღოს და მერე შეიძლება გახდეს წევრი და ეს შუალედური რგოლი უნდა ამოვაგდოთ.

"ეს მოხდება MAP-ის მიღებით თუ იმის თქმით, რომ MAP-ი აღარ არის საქართველოსთან მიმართებაში რელევანტური და აღარ გვჭირდება, ამას ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ განსაკუთრებული აკვიატებები არა გვაქვს, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას დასჩემდა, მეორე პრაქტიკულ გზას რაც შეეხება, ჩვენ უნდა შევიძინოთ უსაფრთხოების ისეთი მექანიზმები, რომელიც შეაჩერებს, ორჯერ და სამჯერ დააფიქრებს მოწინააღმდეგეს სანამ, გადაწყვეტს რაიმე მოქმედების განხორციელებას ჩვენ წინააღმდეგ.
რატომ ვართ ავღანეთში? ამიტომ ვართ. იმიტომაც ვართ რომ 2015 წლის მაისში პირველად საქართველოში შესაძლებელი გახდა ის, რაზეც აქამდე ვერც ვიოცნებებდით  -  ვგულისხმობ ქართულ-ამერიკულ სწავლებას”- აღნიშნა მინისტრმა ეთერის მსვლელობისას.