შვეიცარია – “ხაკისფერი” ქვეყანა
10:45:53     28-03-2011
რომელია ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფო მსოფლიოში? ამ კითხვაზე პასუხისას, უმრავლესობას ან ჩრდილოეთ კორეა, ან ისრაელი გაახსენდება. სინამდვილეში კი ასეთი სტატუსის მქონეა ქვეყანა, რომელსაც უკვე მრავალი წელია არავისთან უომია.
ევროპაში ასეთი მოსწრებული გამონათქვამი არსებობს: სოფლის აშენებისას, შვეიცარიელები ჯერ ტირს აწყობენ, მერე ბანკს და შემდეგ ეკლესიას. ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობაზე, პროცენტულად ყველაზე მეტი ჯარისკაცი მოდის მსოფლიოში.
სხვადასხვა საინფორმაციო ინტერნეტ-საიტების ცნობების მიხედვით, აქ 20-დან 50 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი სამხედრო მოსამსახურეა. შვეიცარიას ჰყავს ძალიან კარგად ორგანიზებული, განსწავლული, დისციპლინირებული და ძლიერი არმია, კარგად გაწვრთნილი რეზერვით. ადგილობრივი მთაგორიანი რელიეფი კი შესანიშნავი “მასალაა” წვრთნებისათვის.
კანონის მიხედვით, 32 წლამდე ჯარისკაცი იმყოფება “აუსცუგის” მდგომარეობაში, შემდეგ - “ლანდვერის” და ბოლოს – “ლანდშტურმის.” რიგითი “აუსცუგი” სამ კვირაში 8-ჯერ მიდის ნაწილში წვრთნებზე, “ლანდვერი” - ორ კვირაში სამჯერ, “ლანდშტურმი” კი ორ კვირაში ერთხელ.
51 წლიდან მამაკაცს ოფიციალურად ითხოვენ არმიიდან, თუმცა ტოტალური მობილიზაციის შემთხვევაში, გაწვევას ისინიც ექვემდებარებიან.
შვეიცარიას აქვს გრანდიოზული სამხედრო ბიუჯეტი და შეიარაღება, რომელიც მუდმივად ახლდება. ქვეყანაში სასროლი კლუბები, იარაღის მაღაზიები და ტირები იმდენია, რამდენიც კაფეები. მოკლედ, შვეიცარიის, როგორც წყნარი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, მითია. სტაბილური ნეიტრალიტეტის ქვეყანაში, იარაღი და სამხედრო საქმე ქვეყნის მოსახლეობის მთავარი მოწოდებაა.