
დადგა თუ არა, ლაშა პაპაშვილისთვის რენესანსის ხანა?
16:55:41     21-09-2015
ბანკ „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი, ლაშა პაპაშვილი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამაყად აცხადებდა რომ ქართული ბიზნესისთვის რენესანსის ხანა დგება, ახლა გაუფასურებული ლარის გამო წუხს.
„თუ ზამთარში კურსი 2,50-ის ფარგლებში დარჩა, მთავრობისთვის დიდი მიღწევა იქნება“, - განაცხადა პაპაშვილმა ქართულ მედიასთან საუბრისას.
თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, ლაშა პაპაშვილს სულ სხვა მოლოდინები და ბიზნეს-ვნებები ჰქონდა.
„საქართველოში ბიზნესისთვის რენესანსის და აყვავების პერიოდი დგება“, - მიიჩნევდა ის 2012 წელს.
მართლაც დადგა თუ არა, რენესანსის ხანა „გაკუპონებული“ ლარის ფონზე ქართული ბიზნესისთვის, ამის თაობაზე პაპაშვილს ამჯერად აღარ უსაუბრია.
ძმები პაპაშვილები
ძმები პაპაშვილები, ქართული მედიის ინტერესის სფეროში ჯერ კიდევ შევარდნაძის ბნელი საქართველოდან აღმოჩნდნენ. მაშინ, ლაშა პაპაშვილის ძმა, სულხან პაპაშვილი ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსი იყო.
სწორედ აქედან გამომდინარე ისმოდა ხმები იმის შესახებ, რომ პაპაშვილებს, წარმატებული ბიზნესის „კეთებაში“ შევარდნაძის ოჯახი ლობირებდა, რასაც ძმები ყოველთვის უარყოფდნენ.
ჩაბნელებულ, კორუმპირებულ, მშიერ და პენსიებ-გაყინულ საქართველოში, სულ რამდენიმე პირი იყო ისეთი, რომელსაც ბიზნესში სასათბურე პირობები ჰქონდა და თავს მართლაც რენესანსისა და აყვავების ხანაში გრძნობდა.
რა მოხდა შემდეგ?
ვარდების რევოლუციის მერე, პაპაშვილებმა, თავისი ბიზნესი გაზარდს, გააფართოვეს და გაცილებით მომგებიანიც გახადეს.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ძმებს კიდევ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ.
სავარაუდოდ, სწორედ ამ ზედმეტმა მოლოდინებმა წამოაცდენინა ლაშა პაპაშვილს ამ გადასახედიდან ცინიკური და არაკომპეტენტური ფრაზა 2012 წელს, ქართული ბიზნესისთვის რენესანსის ხანის დადგომის შესახებ.
ბიზნესმენი, რომელიც ივანიშვილის გასაგონად, 2012 წელს აყვავებაზე გვესაუბრებოდა, 2015-ში, მაშინ, როცა მისი გათვლებით შუა რენესანსის ხანაში უნდა ვიყოთ, ლარის კურსის მკვეთრად ვარდნის გამოა შეშფოთებული და ამბობს: „თუ ზამთარში კურსი 2,50-ის ფარგლებში დარჩა, მთავრობისთვის დიდი მიღწევა იქნება“.