რუსულ არმიაში დანაშაულებებმა იმატა
10:51:12     26-03-2011
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსულ არმიაში დანაშაულებების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. გავრცელებული ინფორმაცია ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წელს, სულ რაღაც ორ თვეში, აქ უკვე 500-ზე მეტი მძიმე სახის დანაშაული მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო პროკურორმა, სერგეი ფრიდინსკიმაც განუცხადა.
მისი მონაცემებით, უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, არმიაში სხვადასხვა სახის დანაშაულებების რაოდენობა 16 პროცენტით გაიზარდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.
მთავარი პროკურორის თქმით, ასეთი ნეგატიური ტენდენცია რიგი მიზეზებითაა განპირობებული, პირველ რიგში კი, მეთაურობის არაეფექტურობით და შინაგანაწესის დარღვევების გახშირებით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულ სამხედრო ძალებში დისციპლინის კლება უკვე წლებია ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი სხვადასხვა გამოვლენილ პრობლემებში აისახება.