ორი მოკლული, ერთი დაჭრილი - სისხლიანი გარჩევა ბათუმში
10:29:26     10-09-2015
"ბათუმელები" ბათუმში მომხდარი მკვლელობების შესახებ იუწყება. "ბათუმელების" ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, თამარის დასახლებაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ხოლო ერთი ზურგის არეში მძიმედ დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
დაუდასტურებელი ვერსიით, ერთი ახალგაზრდა დანით, მეორე კი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
"ბათუმელების" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში იქვე მყოფმა მოქალაქეებმა გადაიყვანეს, ხოლო მეორეს, რომელსაც გულის არეში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.