ARD: "ქართველებისთვის ევროპა ის ადგილია, რომელსაც საქართველო ყოველთვის ეკუთვნოდა"

  15:52:21     02-09-2015

გერმანიის საზოგადოებრივმა არხმა ARD-მა მოამზადა რეპორტაჟი — "საქართველო - საოცნებო მიზანი - ევროკავშირი":

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა, რომელიც აქამდე ალიანსისგან გვქონდა, მიმართული იყოს 2008 წელს ნატოსგან მიღებული დაპირების შესრულებისკენ, რაც ერთ დღეს ჩვენს ნატო-ს წევრობას ნიშნავს. ეს შეიძლება ხვალ არ მოხდეს, მაგრამ, სწორედ ხვალიდან უნდა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“,  განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის საზოგადოებრივი არხის, ARD-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში  "საქართველო - საოცნებო მიზანი - ევროკავშირი".

უკრაინაში ომმა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ საქართველოს შიშის საფუძველი მისცა. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების საკუთარი გამოცდილება აქვს. როგორც ცნობილია, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთი სრულად აკონტროლებს. საქართველოს კი სურს ძლიერი დამცველი — ნატო! 

ახლახან, საქართველოში ვიზიტისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გახსნა. ახლა მთავრობას იმედი აქვს, რომ ქვეყანა მალე ნატოს წევრი გახდება. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვრთნებისას სხვადასხვა სცენარი და ტაქტიკური მანევრები თამაშდება, მათ შორის, დედაქალაქ თბილისზე თავდასხმის დროს ეფექტური მოქმედებები და მტრის განეიტრალება, რადგან ამ დროისთვის საქართველოსთვის ეს ყველაფერი შემაშფოთებლად რეალურია. მეზობელ უკრაინაში ჯერ კიდევ იბრძვიან და რუსეთის ჯარებს, არც ისე შორს ამ ადგილიდან, საქართველოს ერთი ნაწილი უკავიათ.

თინათინ ხიდაშელი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა, რომელიც აქამდე ალიანსისგან გვქონდა, მიმართული იყოს 2008 წელს ნატოსგან მიღებული დაპირების შესრულებისკენ, რაც ერთ დღეს ჩვენს ნატოს წევრობას ნიშნავს. ეს შეიძლება ხვალ არ მოხდეს, მაგრამ, სწორედ, ხვალიდან უნდა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.“

საქართველო ნატოს სწავლებებში აქტიურადაა ჩართული და მონაწილეობს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, სადაც ამჟამად 885 სამხედრო მოსამსახურით, მისიის სიდიდით მეორე ადგილზეა. ბევრ სამხედროს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და ამ ფაქტით თავდაცვის მინისტრი ძალიან ამაყობს. თუმცა, მინისტრისთვის ეს საკმარისი არ არის, მისი მიზანი ნატოში ინტეგრაციაა. საქართველოსთვის მყარი კავშირები და ინვესტიციები უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.

თინათინ ხიდაშელი: „მიზეზი, რატომაც რუსეთმა ბალტიის ქვეყნები აქამდე არ დაიპყრო, სწორედ, მათ ნატოს წევრობაში მდგომარეობს, რადგან რუსეთი ნატოსთან ომისთვის მზად არ არის.“

საქართველოში ნატოს ახალი საწვრთნელი ცენტრის გახსნა ცხადი სიგნალია რუსეთისათვის და ძირითად მიზანს სიძლიერის ჩვენება წარმოადგენს და არა რუსეთის პროვოცირება.

„2008 წელს საქართველო ამბობდა, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე, სწორედ, უკრაინა იქნებოდა. არავინ დაგვიჯერა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ მართლები აღმოვჩნდით. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სწრაფად მოიხსნა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგიდან, რაც მცდარი მესიჯი იყო რუსეთის მისამართით. ჩვენ შეუფერხებლად გავაგრძელებთ ევროპული ოჯახისკენ სვლას,“ — აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

თბილისიდან ერთი საათის სავალზე რუსეთმა მავთულხლართების გავლება და სამხედრო პუნქტების აშენება დაიწყო. ასევე, თბილისთან ახლოსაა განთავსებული ომის შედეგად დევნილთათვის მოწყობილი თავშესაფრები. 

ჟურნალისტს ერთ-ერთი იძულებით გადაადგილებული ქართველი გლეხი უამბობს, რომ ის, რასაც უკრაინა დღეს განიცდის, 2008 წელს თავადაც გადახდა თავს.

თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასევე გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, თუმცა გაწევრიანების კონკრეტული პერსპექტივის გარეშე.

„შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ევროპა ჩვენკენ არცთუ ისე სწრაფად მოდის და სწორედ აქედან მოდის ხალხის სკეპტიციზმი, თუმცა, ადამიანების სასოწარკვეთა მათ გადაწყვეტილებებს არ ცვლის", —- აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

ქართველების უმრავლესობისთვის ევროპა ის ადგილია, რომელსაც საქართველო ყოველთვის ეკუთვნოდა და სადაც ქართველი ახალგაზრდები თავიანთ მომავალს ხედავენ.