სამხრეთ კორეას, ატომური ბომბის შექმნა სურს

  11:26:03     25-03-2011

სამხრეთ კორეის მცხოვრებთა უმრავლესობა ატომური იარაღის შექმნის იდეას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესი” იტყობინება.

 

პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გამოკითხის თანახმად, სამხრეთ კორეის მოსახლეობის 68,6 პროცენტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეისაგან თავდასაცავად, ქვეყანას ატომური ბომბი სჭირდება. მხოლოდ 28,9 პროცენტი წავიდა ამ მოსაზრების წინააღმდეგ.

 

იმავე გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 67,3 პროცენტმა განაცხადა, რომ აშშ-მ აუცილებლად უნდა დააბრუნოს ბირთვული არსენალი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე. 30,1 პროცენტის აზრით კი, ნახევარკუნძულზე ამერიკული ატომური ბომბის დაბრუნება მიზანშეუწონელია.

 

მიმდინარე თვის დასაწყისში, აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვაშინგტონი სამხრეთ კორეაში ბირთვული არსენალის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. ამ თემაზე საუბარი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის კონფლიქტის ესკალაციის დროს წარმოიშვა.