შსს-მ ქვეყნიდან სამი უცხოელი მოქალაქე გააძევა
10:20:34     01-09-2015
2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც, ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა. კერძოდ, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა გამოვლენაზე, დაკავებასა და ქვეყნიდან გაძევებაზე.
აღნიშნული კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 ივლისამდე დადგინდა საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ქვეყანაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ უფლება ქვეყნის დატოვების გარეშე მიეღოთ ქვეყანაში კანონიერი ყოფნის საფუძვლები.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში შესაბამის უწყებებთან ერთად პერმანენტულად ახორციელებდა უცხოელი მოქალაქეების ინფორმირებას, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოეწესრიგებინათ დოკუმენტაცია საქართველოდან გაუსვლელად.
2015 წლის 1 ივლისიდან, კანონის სრული ამოქმედების შემდგომ, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, გამოავლინა სხვადასხვა ქვეყნის 3 მოქალაქე: უზბეკეთის მოქალაქე ე.ტ. (დაბ.16.12.1971 წელი), ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ.ქ. (დაბ.26.02.1966 წელი) და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ო.ჯ.ჯ. (დაბ.02.10.1988 წელი), რომლებიც საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო უზბეკეთის მოქალაქე ე.ტ-ს საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში გაძევების თაობაზე. მას ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის 20 დღიანი ვადა მიეცა. ე.ტ-მ არ გამოიყენა აღნიშნული უფლება, რის გამოც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა მისი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაძევების პროცედურა იძულებით აღასრულა. აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლა 5 წლის ვადით აეკრძალა.
შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ.ქ. საქართველოში იყო ნასამართლევი და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მისი არაუმეტეს 3 თვის ვადით მოთავსების თაობაზე. შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება ჰ.დ.ქ-ს საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაძევების თაობაზე. მას ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის მიეცა 10 დღიანი ვადა. აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა 5 წლის ვადით.
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ო.ჯ.ჯ-სთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მისი არაუმეტეს 3 თვის ვადით მოთავსების თაობაზე, ხოლო შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან ნიგერიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაძევების თაობაზე. ო.ჯ.ჯ-ს ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვებისთვის მიეცა 10 დღიანი ვადა.