სამხედრო ჰოსპიტალის განყოფილების უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
12:30:59     29-08-2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის განყოფილების უფროსი, დავით ღვინიაშვილი, დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა 6 000 ლარი. თანხის ნაწილის, 2 000 ლარის აღების შემდეგ ღვინიაშვილი დაკავებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.