უილიამ მორისის Arts & Crafts
12:41:09     24-03-2011
1834 წლის 24 მარტს დაიბადა ცნობილი ინგლისელი მხატვარი, პოეტი და მოაზროვნე უილიამ მორისი (William Morris).
უილიამ მორისი ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად პრე-რაფაელიტური (Pre-Raphaelites) მოძრაობისა. ეს იყო მიმდინარეობა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისურ პოეზიაში და მხატვრობაში, რომლის მიზანი გახლდათ ვიქტორიანული ეპოქის პირობითობის, აკადემიური ტრადიციებისა და კლასიკური ხელოვნების გადაჭარბებული მიმდევრობის წინააღმდეგ გალაშქრება.
თვითონ მოძრაობის სახელწოდება მიუთითებს, რომ ამ საძმოს წევრებს აინტერესებდათ ადრეული რენესანსის ხანის მხატვრების შემოქმედება. იმ მხატვრებისა, რომლებიც რაფაელამდე და მიქელანჯელომდე მოღვაწეობდნენ (პერუჯინო, ფრა ანჯელიკო, ჯოვანი ბელინი).
უილიამ მორისი ხელმძღვანელობდა “ხელოვნებისა და ხელოსნობის მოძრაობას” (Arts & Crafts), რომელიც იღწვოდა სამრეწველო რევოლუციის მიერ მოტანილი ერთფეროვანი და დაბალი ხარისხის ფართო მოხმარების სტანდარტული საქონლის წინააღმდეგ და უპირატესობას აძლევდა ხელით ნაწარმს, დეკორატიულ ხელოვნებაში და სხვა.
უილიამი დაიბადა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, სწავლობდა პრესტიჟულ კოლეჯებში. ოქსფორდის უნივერისტეტის ექზტერის კოლეჯში დაუმეგობრდა ბერნ ჯონსს. მათ აერთიენებდათ შეასაუკუნეებისადმი და ტრაქტარიენელთა მოძრაობისადმი ინტერესი. 1856 წელს დაიწყო მუშაობა არქიტექტურულ ბიუროში. მალე მეგობრებმა გაიცნეს პოეტი და მხატვარი დანტე გაბრიელ როსეტი, პრე-რაფაელიტების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც მეგობრებს ამ მოძრაობის მთავარ ფიგურად მიაჩნდათ. მან თანხმობა განაცხადა ემუშავა მორისის დაფუძნებულ ჟურნალში Oxford and Cambridge Magazine. მორისი ჟურნალში აქვეყნებდა სტატიებს დეკორატიულ ხელოვნების თეორიაზე და თავის პოეტურ ნაწარმოებებს.
სულ თორმეტი ნომერი გამოვიდა. მორისი გატაცებული იყო მეფე არტურის შესახებ გავრცელებული ლეგენდებით და ამ თემას 1858 წელს უძღვნა თავისი პირველი წიგნი: “გვინევერას დაცვა და სხვა ლექსები”, რომელიც ითვლება პრე-რაფაელიტების ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად. მის ნახატებში და პოეზიაში ჩანს მითების დიდი ცოდნა.
მალე დაქორწინდა ჯეინ ბორდენზე, რომელიც უბრალი ოჯახის წევრი იყო, თუმცა გატაცებული იყო მუსიკით, უცხოური ენებით და თანაც, ულამაზესი გახლდათ. ამ დროს პრე-რაფაელიტების ჯგუფი მუშაობდა ოქსფორდის კავშირის დარბაზის, ახლანდელი ბიბლიოთეკის, მოხატვაზე.
1860-იან წლებში დიდი გატაცება გაუჩნდა. ოჯახისათვის ლონდონში, ფილიპე ვების და თავისი პროექტით, ააშენა აგურის წითელი სახლი (Red House). სახლის შიდა გაფორმებაზე მუშაობდნენ ბერნ ჯონსი, როსეტი, ელიზაბეტ სიდალი, თვითონ და თავისი მეუღლე. წითელი სახლი ეპოქის დასაწყისად ითვლება ინტერიერის დიზაინის ისტორიაში. მის გაფორმებაში გაერთიანებულია დახვეწილი ხელოვნება და ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნილებანი. წითელი სახლი იყო მორისის იდეების ნამდვილი რეალიზაცია, რომელმაც დროს წინ გაუსწრო.
ამ პერიოდში, ფაქტიურად თავი დაანება ფერწერას და შექმნა ფირმა “მორისი, მარშალი, ფოლკნერი და კო”. ფირმა უშვებდა დეკორატიულ-გამოყენებითი საგნებს. პრე-რაფაელიტების წარომადგენლები ნაყოფიერად მუშაობდნენ ფირმაში. მუშებს კარგად უხდიდნენ. ევროპაში წამყვანი პოზიციები ეკავათ (ფირმამ 1940 წლამდე იარსება). ყველაფერს ხელით აკეთებდნენ.
მორისი იყო ერთ-ერთი დამწყები ტაპისერიის ხელოვნებისა (კედლის დიზაინი, გობელენებით და ხალიჩებით კედლის მორთვა). მის სახელოსნოებში აღორძინდა მხატრული ქსოვა. თვითონ კარგი მქსოველი იყო და ნართების ფერებით გაწყობა შესანიშნავად ეხერხებოდა. შექმნა ძალიან კარგი შპალერები. სულ ექსპერიმენტებს მიმართავდა, ცდილობდა ფერები მიეღო ბუნებრივი გზით.
ქსოვილებისათვის, ხალიჩებისათვის, შპალერებისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდა, სხვადასხვანაირად აფორმებდა (მცენარეების გამოხატვა, ხაზები, დიაგონალები). ყველაფერი ძალიან ლამაზი და ბუნებრივი ჩანდა (რა თქმა უნდა, მისი მეგობრებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას).
გატაცებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით. აინტერესებდა კარლეილის კრიტიკული სოციალიზმი და რესკინის იდეები. ოცნებობდა საზოგადოების სოციალური გარდაქმნაზე. 1870 წლებიდან ჩაერთო აქტიურ პოლიტიკაში. კითხულობდა ლექციებს, აკრიტიკებდა კაპიტალისტურ საზოგადოებას, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული. მაგრამ, კარლ მარქსს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა. 1879 წელს დაუკავშირდა ეროვნულ ლიბერალურ ლიგას, თუმცა მალე დატოვა. 1883 წლის იანვრიდან გახდა დიდი ბრიტანეთის პირველი სოციალისტირი პარტიის - სოციალისტურ დემოკრატიული ფედერაციის წევრი. აფინანსებდა პარტიის გაზეთს. თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სოციალისტური ლიგა, მაგრამ მერე მიატოვა, რადგან ანარქისტების გავლენა ძალიან გაძლიერდა ლიგაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საგამომცემლო საქმიანობა. მორისს უნდოდა წიგნები ყოფილიყო კარგიც და ლამაზიც. ხშირად წიგნებს პერგამენტზე ბეჭდავდა. მის გამომცემლობაში ბეჭდვის გარდა, ყველაფერს ხელით აკეთებდნენ. აღსანიშნავია მორისის გამოცემული ჯეფრი ჩოსერის პოეზია. აქაც გაუსწრო უილიამ მორისის გემოვნებამ დროს. დღეს ძვირფასი გამოცემები ისევ ამგვარი მეთოდით კეთდება.