„მთავრობა უნდა გადადგეს“ - ლარი კუპონდება, დენი, პური, წყალი და გაზი ძვირდება

  16:08:02     24-08-2015

ლარი გაუფასურების რეკორდს ხსნის. კომერციულ ბანკებში, ამ დროისთვის, ერთი დოლარის ღირებულება,  2 ლარი 40 თეთრია... ეროვნული ვალუტის გაუფასურება ამ წუთებშიც გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ლარი „კუპონიზაციის“ გზას დაადგა...

„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას დაპირდა ზაფხულში, ტურისტული სეზონის გამოყენებით გარკვეულწილად ლარის გამყარებას შეუწყობდნენ ხელს, პირიქით მოხდა და ლარი ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ 5%-ით გაუფასურდა.

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება მოსახლეობის გაღარიბებაზე. აღნიშნულის მიზეზი კი ხელისუფლების მხრიდან გეგმის არ ქონა, პროცესების არაადეკვატურად შეფასება და უუნარობაა.

შემცირებულია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის ექსპორტი და ინვესტიციები, რაც პირდაპირ ურტყამს ლარის კურსს. იზრდება ფასები, უმუშევრობა და მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაც ღარიბდება.

რადგან ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის დაძლევის გეგმა არ აქვს და პირიქით - ამ წლების განმავლობაში ისეთ რეგულაციებს ღებულობდა, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ბლოკავდა, ჩვენ მის გადადგომას მოვითხოვთ. ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს." - აცხადებს ფინანსისტი და ეკონომისტი, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მელიქიშვილი.

ლარის „კუპონიზაციის“ პარალელურად, თელასი ელექტროენერგიის ტარიფის მინიმუმ 6 თეთრით გაზრდას ითხოვს. სემეკი, თელასის მოთხოვნას ამ წუთებში, ხმაურის ფონზე იხილავს. თელასში იმედოვნებენ, რომ სემეკი მათ სამართლიან ინიციატივას სრულად დააკმაყოფილებს.

„ტარიფის გაზრდის მოთხოვნა ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება და იძულებითი ნაბიჯია. თუ სემეკი თელასის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, თბილისში, შესაძლოა, დენზე გრაფიკი დაწესდეს“, - აცხადებენ ექსპერტები.

აღსანიშნავია რომ ცოტა ხნის წინ, სემეკმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ენერგო-პროს მოთხოვნა, რეგიონებში დენის საფასურის თითქმის 4 თეთრით გაძვირების შესახებ.

თუმცა, იმის გამო რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, კომპანიის წარმომადგენლები, შემოდგომაზე ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდას ისევ მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისევე როგორც დედაქალაქში, გრაფიკის შემოღებას რეგიონებშიც ვარაუდობენ.

მეტიც, ლარის კურსის ვარდნისა და ხელისუფლების უუნარობის გამო, სექტემბრიდან მთელ რიგ პროდუქტებზეა მოსალოდნელი  ფასების მომატება.

„იფქლის“  ხელმძღვანელებმა უკვე განაცხადეს რომ პურზე ფასის 10 თეთრით ზრდა გარდაუვალი იქნება. მიუხედავად იმისა რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბრიყვულად უარყოფს პურზე ფასის შესაძლო ზრდას, ხალხის გაღარიბების პროცესი შეუქცევადი ხდება... სამუშაო ადგილები მცირდება, ცხოვრება კი - ძვირდება.

დღის წესრიგში დგას ფასების მომატება წყლისა და გაზის გადასახადზეც.

კიდევ უფრო გაღატაკებული ამომრჩევლის, ეკონომიკური კრიზისისა და მთელი რიგი პრობლემების გამო, გამორიცხული არაა რომ შემოდგომაზე, ხელისუფლების გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყოს.