"დაჭრილი ანგელოზი"

  22:52:47     19-08-2015

"დაჭრილი ანგელოზი" (ფინ.Haavoittunut enkeli) — ფინელი მხატვრის — ჰუგო სიმბერგას ცნობილი ნახატია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მხატვრის, როგორც ფინური მხატვრობის "აშკარა ფენომენის" აღიარებაში.

1902 წლის შემოდგომას მხატვარს ნერვული შეტევა დაემართა და 1903 წლის გაზაფხულამდე ჰელსინკში, "კალიოს საავადმყოფოში" მკურნალობდა. "დაჭრილი ანგელოზი" მან საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე დახატა. ისევე, როგორც მხატვრის სხვა ნამუშევრებში, აქაც ჭარბობს მელანქოლიური გარემო.

ნახატზე გამოსახულია ორი ბიჭი, რომლებსაც საკაცის დახმარებით თვალებახვეული და ფრთებდასისხლიანებული ანგელოზი მიჰყავთ. ერთი ბიჭის დაჟინებული გამოხედვა მიმართულია დამთვალიერებლისადმი, რომელიც თითქოს დაჭრილისადმი თანაგრძნობას გამოხატავს.

ტილო მძიმე და დამთრგუნველია, თუმცა ამავე დროს მშვიდი. პროფესიონალთა აზრით, მასში შესაძლებელია იყოს "მიწიერი საწყისის" სიმბოლო, როდესაც ადამიანის სულს დახმარება ესაჭიროება.

მეორე ვერსიის თანახმად ნახატი ბავშვთა უმანკოებას გამოხატავს. იგი გამომდინარეობს მხატვრის გრძნობებიდან — როდესაც ის მძიმე ავადმყოფობიდან ცხოვრებას დაუბრუნდა, შესაბამისად შეიძლება ტილო აღვიქვათ სიცოცხლისა და სიკვდილის ეფემერულ სიახლოვედ. ბიჭების მუქი კოსტუმები კი შეიძლება სიკვდილის სიმბოლოდ მივიჩნიოთ.

თვითონ მხატვარმა უარი თქვა რაიმე სახის კომენტარი გაეკეთებინა ნახატზე და დამთვალიერებელს მის აღქმაში თავისუფლება დაუტოვა. ცნობილია, რომ ტილოზე მუშაობის დროს შემოქმედი მენინგიტით იყო დაავადებული, ნახატის შექმნა კი მისთვის ძალისა და სტიმულის მიმნიჭებელი იყო.

1905-1906 წლებში სიმბერგამ ტამპერეს საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი ფრესკის სიუჟეტად "დაჭრილი ანგელოზი" გამოიყენა.

ტილომ დიდი გავლენა იქონია ფინურ კულტურაზე და იგი მრავალ შემოქმედებით სფეროში გვხვდება.

დღეს კი შემოგთავაზებთ თანამედროვე ჯგუფის "Nightwish"-ის სიმღერას, რომელიც სწორედ ამ ტილოს მოტივებზეა შექმნილი.