საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს

  15:19:55     19-08-2015

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში ქართველი ცოლ-ქმრის მიერ მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებს.

„საბერძნეთში საქართველოს კონსული ადგილობრივ სამართალდამცავებს უკვე შეხვდა და მათგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ცნობილია, რომ 7 პირი დააკავეს. ორს კი ამ დრომდე ეძებენ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ბერძენი სამართალდამცველები ქართველ ცოლ-ქმარს კუნძულ იდრაზე მომხდარი მკვლელობის, ყაჩაღობის და ფულის გატაცების გამო ეძებენ.

ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ხელფეხშეკრული 67 წლის მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ კი, დაბმულმა ქალმა პოლიციაში დარეკვა შეძლო.

სამართალდამცველებმა მომხდარის ღამესვე 7 ქართველი დააკავეს, ორმა ბრალდებულმა კი, რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით, 40 ათასი ევრო მიჰქონდათ, კუნძულიდან ათენში გადასვლა შეძლო.