პენტაგონი: აშშ საქართველოს დამატებით 20 მილიონი დოლარით დაეხმარება

  12:07:30     19-08-2015

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის 2015 წელს დამატებით 20 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. თანხა საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების მიზნით გამოიყოფა.

დახმარების საკითხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.

“თავდაცვის მდივანმა კარტერმა თავდაცვის მინისტრ ხიდაშელს საქართველოს მიერ ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კარტერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, თავის მოკავშირეებთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი რჩება ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც 2014 წლის უელსის სამიტზე შეთანხმდა”, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პიტერ კუკმა.