საფრანგეთის დიდება “ფსევდონიმიან” საფლავში

  15:22:14     23-03-2011

1842 წელს, პარიზში გარდაიცვალა სტენდალი. ერთხელ უთქვამს, “სულაც არ იქნება სასაცილო, თუ სადმე ქუჩაში მოვკვდებიო”. მართლაც ქუჩაში მოკვდა. უფრო სწორად ქუჩაში მომავალს დამბლა დაეცა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

 

ფრანგებმა მაშინ არ იცოდნენ მისი ფასი, ამიტომ მონმარტრის სასაფლაომდე სულ რამდენიმე კაცმა მიაცილა (მათ შორის პროსპერ მერიმემ). მიხეილ კვესელავა წერს: "საფრანგეთმა მაშინ არც კი იცოდა, რომ თავის დიდებას მარხავდაო". დიახ, სამწუხაროდ, ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი დაფასებული, როგორც სიცოცხლის მერე.

 

სტენდალი მწერლის ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელია Marie-Henri Beyle. როგორც ლიტერატურათმცოდნეებმა გაარკვიეს, ანრი ბეილს 200-მდე ფსევდონიმი გამოუყენებია, სტენდალის გარდა. “მე ვცდილობდი დავნათესავებოდი ვინმე სხვის ხასიათს, მექცია ის ჩემად და ამით მიმეღწია წარმატებისთვისო” – წერდა ის. თუმცა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ანრი ბეილი სტენდალის დიდი სახელითაა ცნობილი.

 

ანრი ბეილი დაიბადა 1783 წელს გრენობლში, ადვოკატ შერიუბენ ბეილის ოჯახში. 7 წლისას დედა გარდაეცვალა. დეიდა და მამა ზრდიდნენ. მაგრამ, თავის აღმზრდელად პაპას, ანრი განიონს თვლიდა. პაპას განმანათლებლები მოსწონდა. მოახერხა და შვილიშვილს გააცნო დიდრო, ვოლტერი, ჰელვეციუსი. მათ დიდი გავლენა მოახდინეს მომავალი მწერლის ნააზრევზე.

 

ქვეყანაში რევოლუცია მიმდინარეობდა. ანრი ბეილი გრენობლის სკოლაში სწავლობდა სამი წელი. 1799 წელს პარიზში გაემგზავრა პოლიტექნიკურ სკოლაში სასწავლებლად. ამის მაგიერ, ნაპოლეონის პიროვნებით აღფრთოვანებული არმიაში შევიდა. 1802 წელს არმიიდან წამოვიდა და პარიზში თვითგანათლებას მიჰყო ხელი. შეისწავლა ლიტერატურა, ფილოსოფია, ინგლისური ენა და სხვა.

 

ლათინური სკოლაში ჰქონდა ნასწავლი. ცოტა ხანს მარსელში იმსახურა. 1805 წელს არმიაში დაბრუნდა. სამსახურებრივი მოვალეობის გამო მოიარა იტალია, გერმანია, ავსტრია. ნაპოლეონს რუსეთის წინააღმდეგ ომშიც ახლდა. ნახა როგორ იწვოდა მოსკოვი. ბელორუსიაში, ბერეზინაზე გადასვლისას დაიკარგა მისი ჩანაწერების რვეულების ნაწილი.

 

ანრი ბეილს გული გაუტყდა, როცა ბურბონების რესტავრაცია მოხდა. მიატოვა არმია და მილანში წავიდა. იქ იპოვა დიდი სიყვარული, მიუწვდომელი, რომელიც მალე მოუკვდა. იტალიაში დაწერა რამდენიმე აღწერითი ხასიათის წიგნი იტალიურ კულტურაზე. იქვე გაიცნო ბაირონი...

 

“ერთნაირად ძნელია დააკმაყოფილო მკითხველი, როდესაც წერ, როგორც ნაკლებ საინტერესო საგანზე, ისე მეტისმეტად საინტერესოზე” - წერდა ანრი ბეილი. მაგრამ, ახერხებდა მკითხველის დაკმაყოფილებას, მაშინ, მხოლოდ მათი, ვინც დროს უსწრებდა წინ, მერე კი მილიონობით ადამიანისას მთელ მსოფლიოში. როგორც ვთქვით, სტენდალი, როგორც მწერალი, სიცოცხლეში აღიარებას, ვერ ეღირსა. მაგრამ, მხოლოდ საზოგადოებისგან. გენიოსებმა გაცნობისთანავე დააფასეს მისი ტალანტი. 1817 წელს გამოქვეყნდა სტენდალის "რომი, ნეაპოლი და ფლორენცია”. ეს პატარა წიგნი, ფაქტიურად ცნობარი იყო ტურისტებისთვის. წიგნი წაიკითხა დიდმა გოეთემ და აღფრთოვანდა.

 

ფრაზებით იცნო დიდმა გენიოსმა დიდი ტალანტი. “ეს არის დეტალები იშვიათი წიგნიდან, რაც შენ აუცილებლად უნდა იშოვო" - წერდა გოეთე ცელტერს. -”სახელი ანონიმურია (სტენდალი. გ. მ.). ეს მოგზაური ფრანგია, მუსიკის, ცეკვისა და თეატრის ჭეშმარიტი  ტრფიალია.. ეს ორი ნაწყვეტი გვიჩვენებს წერის თავისუფალ, გაბედულ მანერას. იგი გიზიდავთ, ხელს გკრავთ, გაინტერესებთ, მოთმინებას გაკარგვინებთ, მაგრამ ბოლოს მაინც თავს წაგაკითებთ... გადაიკითხავთ წიგნს და ისევ აღტაცებაში მოდიხართ, გინდათ ცალკეული ნაწილები ზეპირად ისწავლოთ. თვითონ მას ბევრი რამ უნახავს, აქვს უნარი შესანიშნავად გამოიყენოს ის, რაც ხელთ ხვდება; ერთი სიტყვით, საკმარისი არ არის წაიკითხო ეს წიგნი, ის უნდა გქონდეს...”

 

საბერძნეთში გამგზავრების წინ ბაირონმა, რომელიც დიდად აფასებდა, მისწერა ანრი ბეილს: “ მე შემთხვევა მქონდა გამეცანით თქვენი წიგნებით: “რომი, ნეაპოლი, ფლორენცია”, “მოცარტისა და ჰაიდნის ცხოვრება” და პატარა გამოკვლევით როსინის შესახებ. მე ჯერ არ მქონია ბედნიერება წამეკითხა თქვენი წიგნი “ფერწერის ისტორია”.

 

საინტერესოა, რომ იმ დროისათვის სტენდალს ჯერ მხატვრული ნაწარმოებები გამოქვეყნებული არც ჰქონდა. მას აქებდა პუშკინიც და სხვები, მაგრამ, ითვლება, რომ მისი ტალანტი აღმოაჩინა დიდმა ბალზაკმა: “ბატონი ბეილი ჩვენი დროის უდიდესი ადამიანია”. ბალზაკმა ეტიუდი უძღვნა სტენდალის შემოქმედებას. მაშინ სტენდალი იტალიაში იყო კონსულად. როცა ეტიუდი მიიღო და წაიკითხა, ძალიან გაუხარდა, არ ელოდა ასეთ აღიარებას და საპასუხოდ გულაჩუყებულმა მისწერა ბალზაკს: “თქვენ, ალბათ, შეგეცოდათ ქუჩაში მიტოვებული ობოლი ბავშვიო”.

 

როგორც ვთქვით, სიცოცხლეში აღიარება მხოლოდ გენიოსებისგან მიიღო. სახელმწიფო არ ენდობოდა, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, საზოგადოებამ ვერ დაინახა... ჯერ კიდევ 18 წლისას უთქვამს, მე დაახლოებით 1880 წლიდან გავითქვამQსახელსო. მართლაც, 1880 წელს პარიზში ახალი გზები გაჰყავდათ, მონმარტრის სასაფლაოზე უნდა გაევლო ერთ-ერთ გზას. იქ მშენებლებს დახვდათ ვინმე მილანელი არიგო ბეილეს საფლავი. მაშინ არ იცოდნენ, რომ “ფსევდონიმიან” საფლავში დიდი ფრანგი განისვენებდა.

 

დაახლოებით იმავე დროს, გრენობლის ბიბლიოთეკაში გახსნეს ხის ყუთები, რომელშიც სტენდალის ხელნაწერები იდო, რომელიც თვითონ, სიკვდილის მოახლოების შეგრძნების გამო გადასცა ბიბლიოთეკას...