დედა, რომელიც აწამეს და შვილი თვალწინ დაუხვრიტეს - აფხაზეთი, ჩვენი ტკივილი...
15:05:26     14-08-2015
უკვე 23 წელია, ყოველ 14 აგვისტოს, ერთ-ერთი პირველი მიდის გმირთა მოედანზე, ეფერება აფხაზეთის იმში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალს და იხსენებს იმ შემზარავ ტრაგედიას, თავს ზუსტად 23 წლის წინ რომ დაატყდა.
ეს აფხაზეთიდან დევნილი, ნაირა კალანდია-გერგედავაა. სოხუმის დაცემის შემდეგ ქალბატონი ნაირა და მისი ოჯახი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. 17 წლის ნუკრი გერგედავა დედის თვალწინ დახვრიტეს, ქალბატონ ნაირას შვილის თვალი გადააყლაპეს და სასტიკად აწამეს.
ქალბატონი ნაირას მონაყოლს რთულია ემოციებისა და ცრემლის გარეშე მოუსმინო. ნაირა კალანდია „პრესა.ჯი“-მ გმირთა მემორიალთან ჩაწერა.
ნაირა კალანდია-გერგედავა: არავის გვეგონა, რომ სოხუმი დაეცემოდა, ამიტომ ბოლო წუთამდე ვმუშაობდი სოხუმის მეორე საავადმყოფოში და ვუვლიდი ომში დაჭრილ ბიჭებს.
მდგომარეობა მალევე დრამატულად განვითარდა და 28 სექტემბერს ოჯახმა გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა მშობლიური სოხუმი, მე, ჩემი ქალიშვილი - ნანა, ვაჟიშვილი - ნუკრი, დედაჩემი და ჩემი მეუღლე ენგურის მიმართულებით გავუდექით გზას.
ვცდილობდით, მდინარე კოდორამდე მიგვეღწია. იქიდან მერხეულის მხარეს, სვანეთის გზაზე უნდა გადავსულიყავით, დედაჩემი ჩემმა 17 წლის ვაჟმა, ნუკრიმ მხარზე შემოისვა.
მანვე გადმოიყვანა მწერალ მურმან ხურცილავას ხანდაზმული დედაც მდინარის მეორე მხარეს. თუმცა, მდევარმა სოფელ კინდღთან დაგვიჭირა, მანამდე ნანა (ქალბატონი ნაირას ქალიშვილი) დავკარგე, მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს მეუღლეს მხედრიონელების ტანკში ჩაუსვამს. ჩემს ქმარს ნუკრის ჩასმაც უნდოდა ტანკში, მაგრამ ნუკრიმ დედა და ბებია არ დატოვა.
კინდღის ჩაის ფაბრიკასთან გაგვიხსნეს ცეხლი, ჩემი მეუღლე და დედაჩემი აიყვანეს, მე და ნუკრი დავიმალეთ, ჩემს მეუღლეს აფხაზებისთვის უთქვამს, - ყველაფერს მოგცემთ, რაც გაგვაჩნია, ოღონდ შვილს ნუ მომიკლავთო. პირობაც მიუღია და ამ იმედით დაუძახა ნუკრის.
- აქ ვარ, მამა! ხელებაწეული გავიდა ნუკრი... მეც გავყევი, მოვიხსენი ტანსაცმელში გამოკრული სამკაულები, დოლარები, რუსული რუბლი და მივეცი მათ.
ჩემი ბიჭი სადღაც გაიყვანეს... ავტეხე კივილი, ამ დროს ვიღაც თმაში მწვდა და თავი კედელს მიმახეთქებინა. შენობაში შემიყვანეს, დავინახე 30-მდე ტყვე იქვე იჯდა, დედაჩემს და ჩემს მეუღლეს მვკარი თვალი. მას სახე ჰქონდა დასისხლიანებული. ნუკრი ცალკე ოთახში ჰყავდათ. შეღებული კარიდან დავინახე, მივუახლოვდი, მაგრამ იქ მყოფმა რუსმა კარი მოკეტა და ჩემი ოთხი თითიც შიგ მოიყოლია...
ძირითადად, "დაქირავებულები" და რუსები გვისწორდებოდნენ. გვეუბნებოდნენ, ქართველებს წამებაში უნდა ამოგხდეთ სულიო. ტყვეებს გვამცირებდნენ, იმავე ღამეს ტყვე გოგონები გააშიშვლეს და მშობლების წინ გააუპატიურეს.
მეორე დილით, ცენტრალურ გზაზე გაგვიყვანეს. რუსი ჟურნალისტი მოგვყვებოდა ვიდეოკამერით და ყველაფერს იღებდა. მივუბრუნდი და ვთხოვე: "ია დოჩკუ პატერიალა, პამაგი ბრატ, ესლი მოჟეშ!" "ტებე დვა პულია პამოჟეტ!" - მითხრა ჟურნალისტმა.
30 სექტემბრი იყო ... ჩემი შვილი გვერდით მომყვებოდა. სატვირთო მანქანა შეჩერდა, გადმოხტა აფხაზი, მასთან ერთად ჟღალწვერიანი მამაკაცი წამოემართა ჩვენკენ. ამ ცხოველმა ნუკრის სახეში დაარტყა.
ფეხებში ჩავუვარდი აფხაზს, ვუთხარი, - ძმაო, ეს ჩემი შვილია, არ მომიკლა-მეთქი, სიტყვა დასრულებული არ მქონდა რომ ნუკრის მისამართით ისროლა, ნუკრი დაეცა. ამ ნადირმა კი მას დამატებით ცხრა ტყვია დაახალა.
მივვარდი ნუკრის, გადმოავტრიალე და მის ტუჩებს ტუჩები შევახე, ვიგრძენი, უკანასკნელად როგორ ამოისუნთქა... მწვდა ჩემი შვილის მკვლელი და ნუკრის ცხედრის თავიდან თვალი ამოიღო, პირში ჩამიდო და მაიძულა გადამეყლაპა...
ამის შემდეგ ჩემივე ხელით გავთხარე სამარე 15-ოდე სანტიმეტრის სიღრმეზე. შვილის ცხედარი ჩავფალი, ჭადრის ფოთლები დავაყარე და საიდანღაც მოთრეული მანქანის დისკი დავადე.
რუსებსა და აფხაზებს ვეხვეწებოდი მეც მომკალითთო... დღესაც ასე ვარ, სიკვდილი მინდა მაგრამ არ მივყავარ უფალს (ნუკრის ნეშტის ვარჩეს სასაფლაოდან თბილისში (ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე გადმოსვენება, ამ ტრაგედიიდან 19 წლის შემდეგ მოხერხდა - ავტ. )
ჩემი ტანჯვა გაგრძელდა, ჩემ თვალწინ დაახლოებით რვა ადამიანი ჩააგდეს ჭაში, მერე კი რაღაც ტანკით ამოავსეს, მესმოდა განწირული კივილი...
მერე სხვა ტყვეებთან ერთად ერთ შენობაში შეგვყარეს ერთად, მავთულით ჭერზე რაღაც რკინის ღერძზე ჩამომკიდეს, ფეხებში ცეცხლი შემინთეს... ასე ვიყავი ძალინ დიდი ხანი, სანამ ერთ-ერთმა არ თქვა, რომ მოდი ტყვეებში ფული მოვითხოვოთო, ესროლა ამ მავთულს და ფეხებით კოცონში ჩავვარდი.
მერე ჩემმა მეუღლემ სატუსაღოს გისოსები გაწია და გავიქეცით, თუმცა თაგილონში აფხაზებმა ისევ დაგვიჭირეს.
15-20 წუთის შემდეგ კარი კვლავ გაიღო და გვიბრძანეს, გამოდითო. ვინც გაგვიყვანა აფხაზი აღმოჩნდა, თურმე დედა ქართველი ყოლია.
გვითხრა ახლა ინგირის ხიდზე გადაგიყვანთ, ასეც მოხდა, საკმაოდ ღრმა წყალში მოვდიოდით.
- როგორია თქვენი სოციალური მდგომარეობა ამ ტრაგედიიუდან 23 წლისთავზე?
- ყოველ დღე ვნატრობ სიკვდილს... ჩემი შვილის თვალი დღემდე არ მაქვს მონელებული... ვიღებ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. მწყდება გული, რომ დილიდან აქ ვარ და მთავრობის წარმომადგენლები არ ჩანანან...
ვინც მოვიდა 2 წუთში ისე წავიდა, რომ აქ შეკრებილი შვილმკვდარი, მარჩენალ დაკარგულებისთვის არც კი შემოუხედავთ. ძალიან მინდა რომ ის ტრაგედია, რაც 1992-93 წლებში და 2008 წელს იყო, არ განმეორდეს, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების შემხედვარე ამის იმედი აღარ მაქვს.
- მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას არ გრძნობთ ხელისუფლებისგან?
- მე არაფერს ვითხოვ ხელისუფლებისგან გარდა იმისა, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან... სწორი რექცია ჰქონდეთ იმაზე რომ ოკუპანტმა 800 მეტრით გადმოწია ე.წ. საზღვარი.
მე არ მინდა ეგოსიტურად გამომივიდეს, თუმცა თუ 2008 წელს დაღუპულების ოჯახებს აქცევს მთავრობა ყურადღებას და რა დააშავეს იმ დედებმა, რომლებიც ახლა ჩემს გვერდით დგანან?
- გაქვთ თუ არა, აფხაზეთში დაბრუნების იმედი...
- სურვილი კი, იმედი გადაწურულია, მიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა, თუმცა ეს მწარე რეალობააა...