რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა სამხარაძის მეუღლე დახმარებას ითხოვს

  16:21:23     13-08-2015

რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ტერიტორიიდან ადგილობრივი მკვიდრი, 36 წლის მამუკა სამხარაძე გაიტაცეს.

 ოჯახი ეჭვობს, რომ შარშანდელის მსგავსად,  შეიარაღებულმა პირებმა სამხარაძე ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს და მას მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

 „პრესა.ჯი“ მომხადარის დეტალებზე გატაცებულის მეუღლეს, ნატო სამხარაძეს ესაუბრა.

 - როდის და რა ვითარებაში გაიტაცეს თქვენი მეუღლე?

 - დილის 10 საათიდან არ ჩანს. შეშის მოსაგროვებლად იყო გასული ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიოაზე. ეტყობა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დაიჭირეს.

 - თუ დაგიკავშირდათ ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლებიდან ვინმე?

 - არა, ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია.

 - შარშან, გამოსასყიდის სახით, რა თანხა გადაიხადეთ?

 - 100 ლარი ჩავრიცხეთ...  

 - ხელისუფლება თუ დაინტერესდა ამ პრობლემით?

 - ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლაც ადგილზე იმყოფებიან. იმედია, გამოსასყიდს მოითხოვენ და ფიზიკურად არ გაუსწორდებიან ჩემ მეუღლეს. ვითხოვ რეაგირებას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.