ისტორიის ბისექსუალი ქალღმერთი — ფრიდა კალო
15:22:14     13-08-2015
მექსიკელი მხატვარი — მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი 1907 წლის ერთ მშვენიერ დღეს კოიოაკანში დაიბადა. მისი ცხოვრება და შემოქმედება ერთგვარი გამოხატულებაა დაუდეგარი, რევოლუციური ფანტაზიისა და იდეისა – შეცვალოს სამყარო; ფრიდა კალო სულით ხორცამდე ,,მგრძნობიარე რევოლუციაა’’ ფილოსოფიისა, სიყვარულისა და ვნებისა. ბობოქარი ფრძნობებით შეპყრობილი ქალიშვილი 22 წლის ასაკში ოცი წლით უფროს მექსიკელ მხატვარსა და ფერმწერ, დიეგო რივერაზე ქორწინდება.
მათ შორის ჩნდება ვნებიანი და დაუცხრომელი ურთიერთობა, რომელიც უძლებს ღალატს, ფრიდას ლესბოსურ თავგადასავლებს, შემოქმედებით ზეწოლას, განქორწინებას, მეორედ ქორწინებას, ფრიდას სნეულებასა და უშვილობას.
"ჩემს ცხოვრებაში ორი საბედისწერო შემთხვევა მოხდა: ერთხელ, როცა ავტობუსისა და ტრამვაის შეჯახებისას მიწაზე დავენარცხე და ხეიბრად ვიქეცი, მეორედ, როცა დიეგო რივერას შევხვდი და ემოციურად გამოვცარიელდი", — განაცხადა ერთხელ ფრიდა კალომ.
ფრიდას 143 ნამუშევრიდან 55 ავტოპორტრეტია. შეკითხვაზე, თუ რატომ ქმნიდა ამდენ ავტოპორტრეტს, ფრიდა პასუხობდა: "მე ჩემს თავს ვხატავ, რადგან ყოველთვის მარტო ვარ, საკუთარი თავი კი ჩემთვის ყველაზე ნაცნობი თემაა". მისი მოქმედებაც წარმოსახულ კარნავალში მტანჯველი ტკივილებით აღსავსე პოეტურ-პოლიტიკური ნაშრომია.
ფრიდას შემოქმედების სიურრეალისტური ობიექტურობა "მკვახეა და საოცრად ნაზი, რკინასავით მედგარი და პეპელასავით ფარფატა, პირმცინარი, სიღრმისეული და ცხოვრებასავით სასტიკი და დაუნდობელი", — ასე შეაფასა ფრიდა კალოს შემოქმედება დიეგო რივერამ. ხშირად ფრიდას ნამუშევრებს სიურრეალისტურად მოიხსენიებენ, თუმცა თავად ხელოვანი უარყოფდა ამგვარ კლასიფიკაციას: "ფიქრობენ, რომ მე სიურრეალისტი ვარ, რაც არასწორია; საკუთარ ფანტაზიებს არასდროს ვხატავ. ვხატავ საკუთარ რეალობას". 1953 წელს მექსიკაში გამართულ გამოფენაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა კრიტიკოსმა განაცხადა: "შეუძლებელია ამ ექსტრაორდინალური პიროვნების შემოქმედება და ცხოვრება ერთმანეთისაგან გამიჯნო. მისი ტილოები მისივე ბიოგრაფიაა”.
ფრიდა კალო და დიეგო რივერა მექსიკის კომუნისტური პარტიის აქტივისტები იყვნენ. 1954 წელს ფრიდა უკანასკნელად გამოჩნდა კომუნისტთა მანიფესტაციაზე. ამავე წლის 13 ივლისს კი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრიდამ დაიბარა: "დაწვით ჩემი სხეული… არ მინდა დამკრძალონ, ისედაც დიდი ხანია მწოლიარე ვარ… უბრალოდ დაწვით ჩემი სხეული!”
ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ აღიბეჭდა ეს ექსტრაორდინალური ქალღმერთი, ტეკილასა და უკბილო ხუმრობების მოყვარული, ბისექსუალი, რომელიც ჩინებულ, აბორიგენული სტილის კაბებში გამოწყობილი კოჭლობით დასეირნობდა ბოჰემურ ბაღში და პომპეზურ წვეულებებს უმართავდა ლევ ტროცკის, ჩილელ პოეტს — პაბლო ნერუდას, ნელსონ როკფელერსა და რასაკვირველია, მეუღლეს — დიეგო რივერას.
ფრიდას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დიეგო რივერამ მათი საცხოვრებელი სახლი მექსიკის მთავრობას გადასცა. 1958 წლის 12 ივლისს კი ეს სახლი სახელწოდებით — "Casa Azul" (,,ლაჟვარდისფერი სახლი’’) ოფიციალურად ფრიდა კალოს სახლ-მუზეუმად იქცა.