სისხლიანი სპეცოპერაცია - ნაცემი, დაკავებული და დაჭრილი პოლიციელები (ექსკლუზიური დეტალები)
18:18:45     11-08-2015
ქვემო ფონიჭალაში ანტინარკოტიკული სპეცოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. აღნიშნულ ღონისძიებას კი ორი პოლიციელის დაჭრა და ერთი ეჭვმიტანილის დაკავება მოჰყვა. ერთ გაქცეულ პიროვნებას, რომელმაც სამართალდამცავებს შემოწმებისას ცეცხლი გაუხსნა, მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ.
შს სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, დღეს დილით, ფონიჭალაში სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ჩატარდა. სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ორი თანამშრომელი.
ორივე სამართალდამცველი სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. ერთ-ერთმა საავადმყოფო უკვე დატოვა. მეორე დაჭრილს კი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ამ ეტაპზე მიმდინარებს სამძებრო სამუშაოები იმ პირის დასაკავებლად, ვინც პოლიციელები დაჭრა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია.
რაც შეეხება დეტალებს, თავდაპირველად, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრებლებმა დაახლოებით ოთხი გასროლა დილის 11:00 საათზე გაიგეს.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა აყვანის ოპერაცია ჩაატარეს, რასაც ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილობრივთა განცხადებით, ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდა.
პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ დაკჯავებულის ახლობლებსაც. თვითმხილველთა მტკიცებით, ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა ქალებზეც. არიან დაშავებულები...
სპეცოპერაციის ეპიცენტრშია მარკეტი „ბაია“, რომელიც ვიდეო სათვალთვალო კამერებითაა აღჭურვილი და ბუნებრივია, ინცინდენტის დეტალები ფირზე უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი...
თუმცა, როგორც მაღაზიის კოსნულტანტმა „პრესა.ჯი“-ს უთხრა, დაახლოებით ერთი საათის წინ, მარკეტში პოლიცია იყო მისული, რის შემდეგაც, „ფირზე დეტალები უკვე აღარ ჩანს“...
„ჩვენი კამერები ამ სპეცოპერაცის აუცილებლად დააფიქსირებდა. ერთი საათის წინ იყვნენ პოლიციელები მოსული, არ ვიცი რა გააკეთეს, თუმცა, როცა თქენმა კოლეგებმა ჩანაწერის ნახვა სცადეს, ჩანაწერში რამდენიმე მონაკვეთი აღარ ჩას, არ ვიცი, ამოჭრეს თუ ტექნიკური პრობლემაა“,- გვითხრა მარკეტ „ბაიას“ წარმომადგენელმა.
„პრესა.ჯი“ ინცინდენტის თვითმხილველს ესაბრა, რომელიც ადგილობრივი მკვიდრია.
თეკლა. მ: დაახლოებით 11:00 საათზე გასროლის ხმა გავიგე. დაახლოებით 4-5 ჯერ გაისროლეს. სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია, რადგან ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციებს ამ ტერიტტორიაზე ხშირად ატარებენ, რადგან ამ უბანში ბევრი „ბარიგა“ ცხოვრობს.
- თქვენ რა დაინახეთ ან რა გაიგეთ მომხდარის შესახებ?
- მე სპეცოპერაციის ადგილიდან მოშორებით ვმუშაობ, ჩემი კლიენტები ამბობდნენ, რომ პოლიციას შემოწმების მიზნით „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გაუჩერებია. მაქანაში ორი პირი იჯდა, ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა, მეორემ კი, ცივი იარაღით დაჭრა. 19 წლის ახალგაზრდა მალევე დაიჭირეს, ხოლო მეორემ მიმალვა მოახერხა.
- თუ იცით დაკავებულის ან ეჭვმიტანილის ვინაობა?
- როგორც ამბობენ, დაკავებული პირი ეროვნებით აზერბაიჯანელია. ის პოლიციელებმა სცემეს. შემდეგ, სწორედ ამ ბიჭის ახლობლებსა და პოლიციელებს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. თქვეს, რომ პოლიციელებმა სცემეს აზერბაიჯანელები და ცემის ამსახველი ვიდეომასალა გააქრეს.
იხილეთ შსს-ს კომენტარი და პირველი სტატია, ამ სპეცოპერაციის შესახებ