"ალალად ვთქვი რაც იყო" - კახა მამულაშვილს პატიმრობა შეეფარდა
13:52:03     20-07-2015
სასამართლომ კახი მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მისთვის გირაოს შეფარდებას 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
"ალალად ვთქვი რაც იყო. ვერავინ დამიმიტკიცებს ვიყიდე თუ ვინმემ მაჩუქა" - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა კახი მამულაშვილმა.
კახა მამულაშვილი:"ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება... მე არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს".
დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).