ავღანური ოპერაციის სკანდალური ფოტოები “შპიგელში”
11:03:02     22-03-2011
აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ საზოგადოებას სკანდალური ფოტოების გამო, ბოდიში მოუხადა. საქმე ეხება ფოტოსურათებს, სადაც ამერიკელი სამხედროები მოკლული ავღანელების ფონეზე პოზირებენ. ამის შესახებ “ასოშეითედ პრესი” იუწყება.
აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლის, პოლკოვნიკ თომას კოლინსის განცხადებით, ფოტოებზე ასახული მოქმედება, მორალურ-ეთიკური ნორმების ფარგლებს სცილდება და ეწინააღმდეგება ამერიკული არმიის პრინციპებს. “ჩვენ ბოდიშს ვიხდით მათ წინაშე, ვისაც ამ ფოტოების გამო ტკივილი მიადგა” – ნათქვამის სამხედროების განცხადებაში.
სკანდალური ფოტოები 20 მარტს გერმანულ გაზეთ “შპიგელში” გამოქვეყნდა. სურათებზე გაღიმებულ სამხედროებს რიგრიგობით, თმებით უჭირავთ გარდაცვლილი ადამიანი. სურათები ერთერთი ჯარისკაცის მიერაა გადაღებული.
როგორც ირკვევა, ამ ფოტოების მესამე პირისათვის გადაცემა, კატეგორიულად იყო აკრძალული. რა გზებით მოხვდა ის “შპიგელის” ხელში, უცნობია.