სიურრეალიზმი - ადგილი სადაც თავის უფალი ხარ!
10:23:35     22-03-2011
სიურრეალიზმი - არაცნობიერი ხელოვნებაში... შემოქმედებითი თავისუფლება... აქ ყველაფერი არარეალურია... ლოგიკა, მორალი ან რაიმე შესაბამისობა უარყოფილია. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. სინამდვილის ისეთი ფორმა, რომელსაც ვერ დაიჯერებ და დარწმუნებული ხარ, რომ ასეთი რამ სამყაროში არ არსებობს და შეუძლებელიც კია, რომ არსებობდეს. სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ, წინ სწორედ ამ არაცნობერის წამოწევაა საჭირო.
სიურრეალიზმისთვის, ხელოვნება არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. უარყოფს ყველაფერ ტრადიციულს, ჩვეულებრივს, არსებულს. უარს ამბობს სკოლის შექმნაზე, რათა არ მოხვდნენ რაიმე ჩარჩოებში; ეს ხომ სურვილების, ოცნებების და ფანტაზიის ხორცშესხმაა, რომელსაც ვერავინ გასწავლის. ან და როგორ ან ვინ უნდა გასწავლოს ოცნება?..
სიურრეალიზმის ჩამოყალიბება, როგორც ოფიციალური მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში 1924 წელს საფრანგეთში ანდრე ბრეტონის მიერ გამოქვეყნებულ, სიურრეალისტურ მანიფესტს უკავშირდება. 1925 წელს სიურრეალისტ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა ეწყობა პარიზში. ამას მოჰყვა გამოფენები 1936 წელს ლონდონსა და ნიუ-იორკში, 1937 წელს ტოკიოში და 1938 წელს ისევ პარიზში.
არსებობს სიურრეალისტური ტექსტები, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპნოზის ქვეშ მყოფი მეტყველება, სიზმრების აღწერა, სიტყვები ერთმანეთს უცნაური და გაუგებარი სახით ებმება. სიურრეალისტები იგონებენ კოლექტიურ თამაშებს, წერის ტექნიკებს, როგორიცაა მაგ. "ჩინებული გვამი" (cadavre exquis). ეს უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: მონაწილენი ადგენენ ერთ ფრაზას ან ნახატს ისე, რომ არ იციან წინა მონაწილემ რა დაწერა ან დახატა.
სიურრეალისტები აცხადებენ, რომ პოეზის წყარო ყოველგვარი შეზღუდვებისგან გათავისუფლებული სუბიექტურობაა.
სიურრეალიზმის განვითარებას ხელი შეუწყო ჟერარ დე ნერვალის ე.წ. "სუპერნატურალიზმმა", გერმანულმა რომანტიზმმა, ბოდლერის შემოქმედებამ, კუბიზმმა, რემბოს იდეებმა "ცხოვრების შეცვლის" შესახებ, კარლ მარქსის ფილოსოფიამ ("სამყაროს შეცვლა") და ზიგმუნდ ფროიდის გამოკვლევებმა.
ჟოან მირომ თავისი შემოქმედებით დაამკტკიცა რომ სიურრეალიზმი ერთ-ერთი საშუალებაა შემოქმედის სამყაროზე თავისებური ხედვის გამოსახვისა. იგი წერდა: "რეალობა მხატვრობისთვის მხოლოდ საწყისი წერტილია, რომელზეც იგი არ უნდა გაჩერდეს."
ანდრე ბრეტონი სიურრეალიზმს მიიჩნევს რეალობისა და წარმოსახვის გამაერთიანებლად; "მჯერა, რომ ეს, ერთი შეხედვით ურთიერთგანსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ოცნება და რეალობა, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდება."
სიურრეალისტი მხატვრები: სალვადორ დალი, რენე მაგრიტი, ანდრე მასონი და სხვები თავის სიზმრისეულ და წარმოსახვით ხილვებს გამოხატავდნენ.
მაგალითად სალვადორ დალი ახალგაღვიძებული იწყებდა ხატვას, ცდილობდა აესახა თავისი სიზმრები, გადმოსცემდა საკუთარ ფანტაზიებს, იმას, რისი დანახვაც მხოლოდ მას შეეძლო. დალის ნამუშევრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტილო "გეოპოლიტიკოსი". სადაც დედამიწას განასახიერებს კვერცხი, რომელის ნაჭუჭსაც ამტვრევს ადამიანი, იგი ევლინება ქვეყანას.
ახალდაბადებული ნაჭუჭს ტეხს ჩრდილოეთ ამერიკის (სავარაუდოდ აშშ) ტერიტორიაზე. ნახატის მარჯვენა კუთხეში დგას გეოპოლიტიკოსი, მის ფერხთით ბავშვის ფიგურაა გამოსახული. რომელსაც აშკარად აშინებს ახალი ადამიანის დაბადება. იგი ფეხზე ებღაუჭება მას, თითქოსდა დაცვას ითხოვს. გეოპოლიტიკოსი ხელით მიუთითებს რაღაცაზე. საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ თითი მიმართულია კავკასიისკენ, კერძოდ კი საქართველოსკენ. ნაჭუჭის გატეხილი ადგილი, საიდანაც სისხლი გადმოდის - ამერიკაა, და რომ კვერცხი სიცოცხლის სათავის სიმბოლოა, საქართველოსკენ გაშვერილ თითს კი მიაწერენ აზრს - პირველი სიცოცხლე აქ გაჩნდა.
ფანტასტიურის რეალურში გადმოტანა... რას გულისხმობდა სალვადორ დალი ამ ნახატით და მინიშნებებით ეს არავინ იცის... ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ, გავცდეთ ლოგიკურ ჩარჩოებს და ვიფიქროთ ის, რაც გვინდა...
სიურრეალიზმიც ხომ სწორედ ესაა - ადგილი სადაც თავის უფალი ხარ!