„ყველამ იცოდა როგორ ცხოვრობდა და როგორი ადამიანი იყო ზურაბ ჟვანია“

  14:59:07     14-07-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების: კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას პროცესზე, მოწმის სახით იკითხება. 

ნინო ქადაგიძემ დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ კობა ხარშილაძე ტყუის, როცა ამბობს, რომ იმ ღამეს, როცა ზურაბ ჟვანია დაიღუპა, ფანჯარა ჩაამტვრია და ბინაში გადაძვრა.

„ 2005 წლის 9 აპრილს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული ბინის ფანჯრები არ იკეტებოდა და ვერც ფიზიკურად გადაძვრებოდა ბინაში.იყო ფანჯარა, რომელიც ვაკუუმსაც კი ვერ ქმნიდა”,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ჟვანიას ქვრივის ამ განცხცხადების შემდეგ კობა ხარშილაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, ქადაგიძეს ჰკითხა, ესწრებოდა თუ არა აღნისნულ ექსპერიმენტს, რაზეც ქადაგიძემ უპასუხა, რომ თავად არ ესწრებოდა, ან ესწრებოდა და ზუსტად არ ახსოვს. თუმცა, მისივე თქმით, ინფორმაცია გარდაცვლილის ძმამ, გოგლა ჟვანიამ მიაწოდა.

“თუ თქვენ ამბობთ, რომ არ ესწრებოდით 2005 წლის 9 აპრილს ჩატარებულ ექსპერიმენტს, მაშ, რატომ არის თქვენი ხელმოწერა ოქმზე, რომელიც ამ ექსპერიმენტსა და ექსპერიმენტის შედეგებზე შედგა? რატომ არის თქვენი ხელმოწერა იმაზე, რომ თქვენ დაესწარით ამ ექსპერიმენტს? ” – მიმართა ადვოკატმა მოწმეს.

აღნიშნულზე ქადაგიძემ განაცხადა, რომ მან არ იცის, რა ოქმზეა საუბარი. 

“არ ვიცი, რა ოქმზეა საუბარი, შესაძლოა, ექსპერიმენტის გარკვეულ ნაწილს დავესწარი, თუმცა კონკრეტულად არ მახსოვს, ხარშილაძე როგორ გადაძვრა ფანჯარაში. მე ვამბობ იმას, რომ ხარშილაძე ფიზიკურად ვერ გადაძვრებოდა იქ, სადაც ამბობს, რომ გადაძვრა. სწორედ ესაა მისი ტყუილი.

ღამის 3 საათზე კორპუსში გაზი გადაკეტილი იყო. რაღაცას ბოდავენ. ესენი ამბობენ, რომ ძაძამიამ დაურეკა ხარშილაძეს. შემდეგ ხარშილაძემ ფანჯარა გატეხა და გაზი გამოვარდა ფანჯრიდან, რომელსაც ვერ იგრძნობდა ხარშილაძე იქიდან გამომდინარე, რომ გაზს სუნი არ აქვს. ხარშილაძე ამბობს, რომ გაზის შიშინი ესმოდა და გამათბობელი გამორთო. 

ექსპერტიზის შედეგად კი გაირკვა, რომ გამათბობელი ჩართული არ ყოფილა, რადგან ნამწვავი არ ქონია. ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ მეზობლები არაფერს ამბობენ, რადგან გაფრთხილებული იყვნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ და მათ ეშინოდათ. ასევე კიდევ ერთი გარემოება, მწეველი ზურა, რომელიც 2 კოლოფს ეწეოდა დღეში, დახურულ ფანჯარაში ვერ გაძლებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ფანჯარა საკეტით არ იკეტებოდა ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ მას ნანახი ჰქონდა ზურაბ ჟვანიას ტუჩის არეში ნაჭდევი აღენიშნებოდა და შიგნიდან კი სისხლნაჟღენთი ეტყობოდა. ამ ფოტოს ნახვის შემდეგ მივედი ადეიშვილთან და ვუთხარი, რომ ტუჩზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და ტუჩის შიგნიდან ჰქონდა ჩაქცევა. მან მთხოვა ფოტო მეჩვენებინა. როდესაც მოვიძიე ფოტო, აღმოჩნდა, რომ იგი გააქრეს. კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ის არის, რომ ზურაბ ჟვანიას, რომელიც დიეტაზე იყო კუჭში აღმოუჩინეს მოხარშული ძეხვი. ღამის 3 საათზე ჟვანია ძეხვს არ შეჭამდა“,- განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანია აცხადებს, ზურაბ ჟვანიას თან დაჰქონდა სეიფის გასაღები. გარდაცვალების შემდეგ კი მას აქვს ინფორმაცია, რომ გასაღებით ისარგებლა კობა ხარშილაძემ.

"სეიფი იყო როგორც კანცელარიაში, ასევე ოფისში. ოფისის წარმომადგენლისგან კი მაქვს ინფორმაცია, რომ იქ იყო მისული ხარშილაძე და რაღაცეები წაიღო. სეიფში ინახებოდა საჩუქრები, ოფიციალური დოკუმენტები, საათი და ჩვენი პირადი ნივთები", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

მისივე თქმით, როდესაც მივიდა გარდაცვალების ადგილას, კობა ხარშილაძე მას შესვლის უფლებას არ აძლევდა. სახლთან კი ბევრი პოლიციელი და დაცვის თანამშრომელი იყო. 

მოგვიანებით კი, როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მან მოახერხა ბინაში შესვლა და ნახა რაულ უსუპოვი და ზურაბ ჟვანია, რომლებსაც თეთრი პერანგები ეცვათ.

„ყველამ იცოდა როგორ ცხოვრობდა და როგორი ადამიანი იყო ზურაბ ჟვანია“- დასძინა გარდაცვლილი პრემიერის ქვრივმა.