"ცისფერყანწელთა" დედოფალი — ელენე დარიანი
20:10:55     12-07-2015
ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისი. ამ დროიდან, ქართულ მწერლობაში ჩნდება მისტიციზმით მოსილი "ცისფერი დედოფალი" და იწყება "ეროტიკული" ლექსების კასკადი, რომლის არნახული, შენიღბული, რეალურად არსებული თუ არარსებული ავტორი, მაშინდელმა საზოგადოებამ ამორალურად შერაცხა. მაშინ, როცა ქართველი სიმბოლისტი პოეტები საზოგადოებას საკუთარ ლექსებს უკითხავდნენ, “ცისფერყანწელთა” პოეტური ორდენის ფუძემდებელი – პაოლო იაშვილი ადგა და პუბლიკას მეგობარი ქალის – ელენე დარიანის ლექსები წაუკითხა. ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოებაში გარკვევა, თუ ვინ “მეგობარი” იდგა ამ ეროტიკული ლექსების მიღმა.
“ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,
მივეცი კოცნა მებაღეს და… გაიღო კარი,
მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,
მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!…
გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია
და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,
რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს…”
“თეთრ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარე;
ნუ თუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე?
არავინ არი!..
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს…
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს, შენ რო გიყვარდა…
მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი, ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა…
დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს
ჩემ ოთახისას თეთრი მკლავებით”.
საზოგადოების შეფასებით, ბესიკისა და ბარათაშვილის სატრფიალო ლექსების შემდეგ ელენე დარიანის ლექსები ვერ თავსდებოდა დაკანონებულ პოეტურ სივრცეში. საერთო საზოგადოებრივი განსჯითვე ეს იყო გალაშქრება ქართული ლექსის წინააღმდეგ, რომელიც სასიკეთოს არაფერს მოიტანდა.
“ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს… სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს”, – აცხადებდა გაზეთი “სამშობლო” 1916 წელს
ლექსებმა დადებითი შეფასება მხოლოდ პაოლო იაშვილის მეგობრებისგან მიიღეს;
გრიგოლ რობაქიძე წერდა : “ჩვენში ბევრი ლექსი იწერება ვნების შესახებ, მაგრამ სულ ცოტა მათგანი თუ მოგვცემს ნამდვილი ვნების გრძნობას. ეს ლექსები კი ნამდვილი გრძნობის ვნებას გადმოგვცემს და არა მშრალ სიტყვას”.
“ცისფერყანწელი” შალვა აფხაიძე ჟურნალ “ბახტრიონის” ფურცლებზე ამბობდა: “ქართულ პოეზიაში არ არის ქალური სინაზე უდავოდ. ერთადერთია ელენე დარიანი, რომელმაც ქართულ პოეზიაში ეს შეიტანა”.
ტიციან ტაბიძე ჟურნალ “ცისფერი ყანწების” ფურცლებიდან ქართულ საზოგადობას პირდაპირ ადანაშაულებდა ქართული ლექსის ჩარჩოში ჩაკეტვის გამო და დარიანული ლექსების პორნოგრაფიად გამოცხადებისთვის: “ვინ არის დამნაშავე, რომ ქართული პოეზია ისე დაასაჭურისეს, რომ პორნოგრაფიად ითვლება გრიგოლ რობაქიძისა და ელენე დარიანის ლექსები?!”
ვალერიან გაფრინდაშვილი ჟურნალ “მეოცნებე ნიამორებში” საქართველოში პირველი კლასიკური სონეტის ავტორად პირდაპირ ელენე დარიანს ასახელებდა: “ელენე დარიანმა დაწერა პირველი კლასიკური სონეტი ჩვენში”.
“ქართული ლექსის მიწიერი მემკვირდე”… “ცისფერყანწელთა” ყველაზე სათუთი წევრი და ყველაზე ფაქიზი დობილი… მიწიერი ლტოლვის ყველაზე საოცარი აპოლოგეტი…
ვინ იყო ელენე დარიანი? – მითი, არარსებული და უბრალოდ პაოლო იაშვილის გარდასახვის ნიჭის გამოვლენა, თუ რეალური პიროვნება, რომელიც გაექცა საკუთარ მენტალიტეტში ჩაკეტილი საზოგადოების რისხვასა და გვარი სწორედ ამ მიზნით შენიღბა?!
საგულისხმოა, რომ რეალურად პაოლო იაშვილს მართლაც ჰყავდა მეგობარი – ელენე ბაქრაძე, რომელიც ლექსებსა და ეპისტოლარული ჟანრის ჩანახატებს წერდა. ეს ყოველივე კი ჩანს ამავე პიროვნების პირად არქივში, რომელიც ლიტერატურულმა მკვლევარმა – გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია. ელენე ბაქრაძის პირადი არქივი, როგორც მფლობელი ითხოვდა, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უნდა გაეხსნათ.
ბაქრაძე პირდაპირ წერს, რომ დარიანული ლექსები ეკუთვნოდა მას – ელენე ბაქრაძეს. ელენე დარიანის გვარ-სახელით შენიღბვას კი ასე ასაბუთებდა: რამდენადაც ასეთი ლექსების ავტორი და თავად ლექსები საზოგადოებაში დიდ აჟიოტაჟს ქმნიდა, ელენე ბაქრაძეს, რომელიც ლექსების დღის სინათლეზე მოფენისას გათხოვილი იყო ვინმე შალვა ბერიშვილზე, ვერ შეძლებდა საკუთარი პიროვნების ღიად გამხელას, მით უმეტეს, რომ მაშინ ამ თამამი, ეროტიკული ლექსების ავტორს ყველა ეძებდა; ყველას იმის გაგების სურვილი კლავდა, ვინ იმალებოდა ამ სახელის მიღმა.
სახელისა და გვარის, საერთოდ, პიროვნების გაშიფვრა კი, როგორც ელენე ბაქრაძე ირწმუნება, არ სურდა. ის წერს: "არ მინდოდა ვყოფილიყავი ამ ხალხის ბასრი კალმის, კრიტიკის ქარ-ცეცხლის ქვეშ. რატომ უნდა მქონოდა აღვირახსნილი ქალის სახელი?!"
ელენე ბაქრაძე იმასაც აღნიშნავს, რომ რამდენადაც საკუთარი ვინაობის წარდგენა არ სურდა, ლექსებს პაოლო იაშვილს უგზავნიდა და მას აკითხებდა. არსებობს მოსაზრება, რომ “ცისფერყანწელთა” დაფარული, მე-13 წევრი, რომელიც თავად პოეტური ორდენის წევრთა განცხადებით, ქალი ყოფილა, სწორედ ელენე ბაქრაძე იყო.
თავად პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის მეგობრობაზე არც ისე ცოტა რამაა ცნობილი; უფრო მეტიც – ელენე ბაქრაძეს აიგივებენ კიდეც პაოლოს მუზასთან, რომელსაც პოეტი ლექსებში ელლის უწოდებს.
პაოლოსა და ელენეს ერთმანეთი 1912 წელს უნახავთ. მაშინ დაოჯახებული არც ერთი არ ყოფილა. პირველი სიმპათიები მაშინ გაჩნდა. მეორე შეხვედრისას ელენე ბაქრაძე უკვე გათხოვილი იყო შალვა ბერიშვილზე. შემდეგ ოჯახი დაენგრა და შალვა ქართველიშვილს მისთხოვდა. ქმართან ერთად საქართველო დატოვა და განჯაში ცხოვრობდა.
საზოგადოებამ ელენე ბაქრაძე მაშინ გაიცნო, როცა ბერიშვილის ცოლი იყო. სწორედ მაშინ გამოჩნდა “ცისფერყანწელების” მე-13 მისტიკური წევრი, რომელიც პაოლო იაშვილს დასახელებული ჰყავდა ელენე დარიანად და რომლის ლექსებსაც საჯაროდ კითხულობდა და ამბობდა – ის ახლა ჩვენ შორის არაა და მე გიკითხავთ მის ლექსებსო.
არქივიდან ჩანს ისიც, რომ ელენე ბაქრაძეს პაოლო იაშვილთან ფარული მიმოწერა ჰქონდა, სადაც მეგობარს თავის სულიერ მდგომარეობაზე ესაუბრებოდა.
ელენე დარიანის წერილებში ვკითხულობთ : ”ერთ დღეს გადავწყვიტეთ საჩხერეში წასვლა… პაოლომ მომიყვანა ვალიკო მაჭავარიანის საუცხოო ცხენი. ჩვენ სხვებიც აგვყვნენ, და ცხრა კაცისაგან შემდგარი კავალკადა გავემგზავრეთ საჩხერისაკენ. იმ ზაფხულს საშინელი წყალდიდობა იყო და ხიდი წაღებული დაგვხვდა. მოქურდა აზვირთებული პატარა ყვირილა. საჭირო გახდა უკან გამობრუნება, მაგრამ თითქოს ვიღაცამ მიბიძგაო მე შევაგდე ცხენი მდინარეში და დავუძახე უკან, დამაცადეთ-მეთქი. როცა უკანიდან ყვირილი მომესმა მე უკვე წელამდე წყალში ვიყავი მოქცეული”… და როცა ელლი გონს მოვიდა ერთ მხარეს პაოლო და მეორე მხარეს ელენეს ბიძაშვილი დათიკო იაშვილი აღმოჩნდნენ. როგორც ელენე წერს: ”არ ვიცი ცხენები ცურვით გავიდნენ თუ ძლიერი კუნთებით გაგელვეს მდინარეო”…
სავანეში, მწვანე მდელოზე გაიშალა სუფრა. როგორც ელენე აღწერს: "სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპრო ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, რომ მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი ყველა წუთით გაჩუმდა. ჩვენმა დიასახლისმა პატარა, თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი. რადგან მე სხვა არაფერს ვაკეთებდი, ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: ”ცისფერი ყანწი! პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: ”ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!” მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა ყანწი და იმეორებდა: ”ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი”...
ამრიგად, ელენე დარიანის ფსევდონიმით ხელმოწერილი ელენე ბაქრაძის სამი ლექსი პრესაში დაიბეჭდა და მას მოჰყვა მკითხველ-საზოგადოების აურზაური. თავად ავტორმა კი ისე მტკივნეულად განიცადა მომხდარი, რომ პაოლოს დაეუმძრახა კიდეც. ელლისა და პაოლოს შორის მომხდარი უსიამოვნება მალევე გაქარწყლდა. პაოლომ ზედიზედ მისწერა ელენეს ასეთი წერილები:
”ელლი! ჩემი ტრფობის მთელი ხნის განმავლობაში, დღეს პირველად დავღვარე ცრემლი, ნამდვილი ცრემლი. იგი იყო ცრემლი, როგორც გავარვარებული ნაკვერჩხლის ნაპერწკალი, მან დამწვა ლოყა. შენი წერილის კითხვისას მომეჩვენა, რომ შენი გულის იმედი დაჭიმულია ვიოლონჩელზე და მაგიური ხელით შეხება მათ უბიძგებს მოსთქვამდნენ გადარეული გოდებით? ჩამესმა რა მოთქმის ბგერები, მეც ავტირდი. რას მწერ, რას მწერ, ელლი, ჩემო გიჟო?.. მე ქუთაისში ვარ, მე კოშმარში ვარ, ელლი. ჩემთვის შეგრძნებათა საშინელი წუთებია, არ ვიცი, როგორ მოვაღწიო შენამდე, ჩემო, ჩემო, ელლი! პავლე”.
ელენე დარიანი ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით... 1915 წლის ზაფხულში იმერეთში: საჩხერეში, სავანეში, არგვეთში, ლესევში, ჭალაში, ნაჩერქეზევსა თუ ქართველი სიმბოლისტების დედაქალაქ ქუთაისში დაიწყო ოჯახებსა თუ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ლიტერატურული შეკრება-საღამოები. ყველაზე მეტად აქტიურობდა ცისფერყანწელების მაესტრო პაოლო იაშვილი, ხოლო მათი ცისფერი დედოფალი ელენე დარიანი მუდამ ცდილობდა, ყველასათვის უცნობი დარჩენილიყო, სხვისთვის გადაებრალებინა დარიანული ლექსების ავტორობა. და აი, სამსჯავროს წინაშე, სამბრალდებო სკამზე იჯდა ტრადიციების მსხვერპლი - ქართველი მანდილოსანი, რომელმაც სამზეოზე გამოფინა ქალური გრძნობები…
დაიწყო უძილო ღამეები, მთვარეული ზმანებები… დაიბადა ლექსები, სონეტები, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშები…
მაშინდელი საუბრების თემები იყო რუსული და ევროპული სიმბოლიზმი, სიმბოლური აზროვნების კვალზე ქართულ ლიტერატურაში, და რაც მთავარია, დაიბადა მათი ჟურნალის სახელწოდება "ცისფერი ყანწები”…
აეხადა ფარდა ელენე დარიანის ფსევდონიმის საიდუმლოებას - იგი აღებულია ინგლისელი მწერლის ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტის” მთავარი გმირის სახელიდან და შიგ ჩადეს ქართული სიტყვის დარის შინაარსი, ისე როგორც დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვნეს ქართული ფერუმარილის სახელი "ცისფერი ყანწები”.
საარქივო მონაცემების მიუხედავად, თანამედროვე ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში, ელენე დარიანის ავტორობის შესახებ ერთი აზრი დომინანტობს: არანაირი ელენე ბაქრაძე (თუ ქართველიშვილ-ბერიშვილი!) – დარიანული ციკლის ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია!
თამარ პაიჭაძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი : “ესაა ლიტერატურული მისტიფიკაცია, რომელსაც მანამდე პრეცედენტი არ ჰქონია საქართველოში. ეს მარტო პაოლო იაშვილს შეეძლო, რადგან იყო არტისტული ბუნების, შინაგანად ყველასგან განსხვავებული ადამიანი, შემოქმედებითი ნატურა, რაც ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ დაუდასტურებია. ჰქონდა გარდასახვის დიდი ნიჭი, რადგან თეატრალურ საქმეებში კარგად იყო ჩახედული”.
როგორც მკვლევარი ამბობს, ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იდენტობაზე არსებობს საკმაოდ სერიოზული გამოკვლევა, რომლის ავტორია ზეინაბ ლომჯარია: “ამ ნაშრომში ლომჯარია პირდაპირ ასაბუთებს, საამისოდ რა კონტრარგუმენტიც არსებობს. იმის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, რომ ამ ლექსების ავტორი არა ელენე ბაქრაძე, არამედ პაოლო იაშვილია. ასეთი მოსაზრებაც გამოითქვა: იქნებ, ელენე ბაქრაძე აწვდიდა პაოლო იაშვილს გაუმართავ ლექსებს, პაოლო კი უსწორებდა, მაგრამ კრიტიკოსმა ლალი ავალიანმა (ასევე პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და შემოქმდების მკვლევარმა) თქვა, რომ ამას პოეტი არ იკადრებდა, რადგან არაფერი სჭირდა საიმისო, რომ რედაქტირებით გაეთქვა სახელი.
ისედაც, მართალია, ელენე დარიანის ლექსების ციკლი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ პაოლო იაშვილს სხვა ძალიან კარგი ლექსებიც აქვს.
მისი შემოქმედებითი აქტივობიდან და პოეტური ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მას არაფერს აკლებს. ბოლოს და ბოლოს საუბარია 14 ლექსზე,” – აცხადებს პაიჭაძე და საკუთარი არგუმენტის დამაჯერებლობის მიზნით ამბობს: “გრიგოლ რობაქიძე წერდა, რომ ელენე დარიანის სახელის მიღმა იმალება ძალიან ცნობილი ქართველი პოეტი, რომელიც დრო მოვა და თავის ვინაობას გამოამჟღავნებსო. როგორც ცნობილია, რობაქიძე ძალიან თანაუგრძნობდა სიმბოლისტებს. შესაბამისად, მას კარგად მოეხსენებოდა დარიანული ლექსების ავტორი…”
პაიჭაძისვე თქმით, ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იდენტიფიკაციისთვის საფუძვლიანი ლიტერატურული კვლევაც ჩატარდა: არსებობს ლიტერატურული დაკვირვება, რომელიც ყველაზე მთავარი ბარომეტრია იმისთვის, ვის მივაკუთვნოთ ელენე დარიანის ლექსები.
ჩატარდა ლიტერატურულ ტექსტუალური ძიება, შემოქმედებით-ლაბორატიული კვლევა. ბევრისთვის ცნობილია, რომ გაზეთებში გალაკტიონის ძალიან ბევრი ხელმოუწერელი ლექსი გასულა, მაგრამ მისი ხელწერიდან გამომდინარე, ავტორი ადვილად დადგინდა. სწორედ ამ მეთოდით აწ განსვენებულმა ლიტერატორმა, თენგიზ სანიკიძემ ერთ-ერთი ლექსი, რომელიც რომელიღაც რაიონულ გაზეთში ყოფილა გამოქვეყნებული, გამოიკვლია, რომ ავტორი გალაკტიონი იყო.
ასეთი დაკვირვების შედეგად, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ელენე დარიანის ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია, რადგან ამ ციკლის ლექსები პაოლო იაშვილის სხვა ლექსებთან მიმართებაში აბსოლუტურად იდენტურია. ანუ ის სალექსო ფორმა, ის რითმული სურათი, ის ენობრივი ქსოვილი, ის განწყობა და ის სიმბოლისტური აზროვნების მოდელი, რაც გააჩნია, ერთნაირი სიძლიერით ჩანს პაოლოს ხელმოწერილ და დარიანული ციკლის ლექსებში.
თუკი დარიანული ლექსები მართლა პაოლო იაშვილის გარდასახვის ნიჭის ნაყოფია, მაშ, რატომ დასჭირდა მის ახლო მეგობარს, ელენე ბაქრაძეს ლექსების მისაკუთრება, რასაც საკუთარ არქივში წერს და რომლის გახსნასაც სიკვდილის შემდეგ ითხოვს? – ამაზე მკვლევარს კონკრეტული პასუხი გარკვეული კორექტულობის გამო არ აქვს.
თამარ პაიჭაძე: “სხვისი ლექსები დაიბრალაო – ასე რომ ვთქვათ, ვფიქრობ არაკორექტული იქნება ადამიანის მიმართ, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა, მაგრამ ფაქტი ფაქტია. არც ის მინდა არ აღვნიშნო, რომ ელენე ბაქრაძე შემოქმედებითად პროდუქტიულიც იყო ეპისტოლარულ ჟანრში; ის წერილებს სწერდა პაოლო იაშვილს განჯაში წასვლამდე. მათ ასე ვთქვათ დაფარული მიმოწერა ჰქონდათ. ეს საოცარი პოეტური სტილის წერილებია, რომლებშიც თავის განწყობა-ფიქრებზე წერდა. პაოლო თავის მხრივ პასუხობდა კიდეც: "შენ რაკი ცუდი განწყობა გაქვს, არც მე ვარ ბედნიერიო". პაოლო იაშვილი ვერ დაუკავშირდებოდა ისეთ ნატურას, რომელიც შემოქმედებითად განწყობილი არ იქნებოდა.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ 20-იან წლებში დაიბეჭდა ელენე ბაქრაძის ერთი ლექსი “გათავდა ნადიმი”, ავტორის სახელით და გვარით. ანუ მისი პოეზია აქა-იქ ქვეყნდებოდა. მოხდა შედარება და დადგინდა, რომ ელენე დარიანის ციკლის ლექსები აბსოლუტურად განსხვავდება ელენე ბაქრაძის ლექსებისგან. ელენე დარიანის ლექსების იდენტური მხოლოდ პაოლო იაშვილის ლექსებია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ავტორიც სწორედ ეს “ცისფერყანწელი” პოეტია.”
მკვლევარი ერთსაც დასძენს: “ვინც იცნობდა ელენე დარიანის საიდუმლოს, ყველა ცალსახად მიიჩნევდა, რომ ლექსების უკან იდგა პაოლო იაშვილი. საწინააღმდეგო მოსაზრება ჩნდება მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს პერიოდი კი ამ ისტორიისა და, საერთოდ, ელენე დარიანის “საიდუმლოს” გასახსნელად საკმაოდ გვიანდელია. რა თქმა უნდა, ეს განცხადება უსაფუძვლო იყო და, როგორც ცნობილია, მას საფუძვლად დაედო სწორედ ელენე ბაქრაძის არქივი”.
“უსაფუძვლო განცხადების” ავტორი ლიტერატორი გიორგი ჯავახიშვილია. მან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცა წიგნი “ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე”.
გიორგი ჯავახიშვილი: “უკვე დადასტურდა, რომ ეს ლექსები შექმნილია ელენე დარიანის მიერ და არა ის, რომ პაოლო იაშვილს ეკუთვნის. ანუ არსებობდა რეალურად პიროვნება ელენე დარიანი და სწორედ მან დაწერა ეს ლექსები. ეს დამტკიცებულია თვალნათლივ იმ საარქივო მასალით, რომელიც მე გავხსენი. ეს გახლდათ გაუხსნელი არქივი. აქ ყველაფერი ნათლად წერია… დიდხანს ვინახავდი ამას, რადგან ვიცოდი, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. ასეც მოხდა.
გამოქვეყნებისთანავე ძალიან ბევრი ოპონენტი გამომიჩნდა. ათასი რამე მომიგონეს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი… ის, რომ პოეტური სახეებით გვანან ერთმანეთს პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის ლექსები და ამის საფუძველზე უნდა ჩაითვალოს ეს 2 პიროვნება იდენტურად, არ მიმაჩნია მართებულად. ისედაც, სიმბოლისტები რამდენადაც ერთ ლიტერატურულ მიმართლებას ეკუთვნიან, ძირითადად ერთი სტილით წერენ. მე ვსარგებლობ მხოლოდ საარქივო მასალით, რომელიც უტყუარია”.
საგულისხმოა, რომ აწ გარდაცვლილმა ლიტერატორმა, ზაურ მეძველიამ მოიძია ლექსი, რომელიც ძალიან ჰგავს დარიანულს და რომელსაც ავტორად პირდაპირ პაოლო იაშვილი აწერს ხელს.
“როგორ მაშინებს ჩემს სოფელში მე დაბრუნება,
სიჩუმე მიდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან.
მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება.
არ ვიცი, სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან.
ცამეტ ეზოში ატირდება ცამეტი ძაღლი.
თითქოს სოფელი სასიკვდილოდ მიესვენება.
მკვდრების ლანდებით აღივსება ეს ჩვენი სახლი,
მომაკვდავ რაშზე ჩემი ავი მომეჩვენება.
შიშის ნაპრალთან მომესმება ჩემი სახელი:
გიყვარდე მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა.
წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგახელილი,
სანამ მზის სხივმა არ აანთო მზისფერი ფარდა.
სახეშეშლილი მივეკვრები ცახცახა კარებს.
გაიტაცებენ შიშის ასულს კოჭლი ქაჯები.
სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს,
ღვთის სამრეკლოზე ჩამორეკენ ღვთის დარაჯები”.
(“ღამე კუბოში”)
როგორც ჩანს, დღემდე ელენე დარიანის ვინაობაზე პაექრობა ლიტერატურულ წრეებში კვლავ მიდის. ყველაზე კარგად ელენე დარიანის ვინაობა თავად სიმბოლისტური ორდენის წევრებმა იცოდნენ. მათ კი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თავიანთი მისტიკური თუ რეალური დობილის საიდუმლო ბოლომდე შეინახეს.
"შიშის ნაპრალთან მომესმება ჩემი სახელი:
გიყვარდე მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა.
წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგახელილი,
სანამ მზის სხივმა არ აანთო მზისფერი ფარდა."
/ელენე დარიანი/