რას იტყვიან სასამართლოზე ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრები და რა მოლოდინები აქვთ გარდაცვლილის მეგობრებს?

  14:05:57     09-07-2015

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ირგვლივ კვლავ კითხვები არსებობს.

წინასწარი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის, გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები - კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია უახლოეს სასამართლოზე სკანდალური ინფორმაციის გაკეთებას გეგმავენ.

"ყველაფერს გაიგებთ სასამართლო პროცესზე" - აღნიშნა მიხეილ ძაძამიამ უშინ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.  

ბრალდებულების ადვოკატმა  ბექა ბასილაიამ კი „პრესა.ჯი“-ს უთხრა, რომ 10 ივნისს, როცა  სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა  დაიწყება, საზოგადოება გაიგებს ზურაბ ჟვანიას ცხოვრების შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო.

„გარდაცვლილი ყოფილი პრემიერი თვლიდა, რომ ეს ამბავი უნდა ყოფილიყო საიდუმლო.  ამიტომ, მისი დაცვის წევრები, როგორც მისი ერთგული ადამიანები, ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებდნენ და არ საუბრობდნენ ამ გარემოებების თაობაზე“,- გვითხრა ბასილაიამ.

„პრესა.ჯი“ 10 ივნისის სასამართლო პროცესსა და მოსალოდნელ სკანდალურ განცხადებაზე ზურაბ ჟვანიას მეგობრებს - ხათუნა გოგორიშვილსა და ხათუნა ხოფერისას ესაუბრა.

ჟვანიას უახლოესი მეგობარი, პარლამენტარი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ ის აღნიშნულ საქმეში ერთ-ერთი მოწმეა, ამიტომ ამ თემაზე საუბარი არ შეუძლია.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ „ჟვანია  არის ადამიანი, რომელმაც შექმნა  დემოკრატიული ინსტიტუტები“.

- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების - კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 10 ივლისს, 11:00 საათზე დაიწყება, რას ელით სასამართლო პროცესიდან?

- ამ პროცესზე მე ერთ-ერთი მოწმე ვარ, ამიტომ არ მინდა და არც უფლება მაქვს გავაკეთო შეფასებები. ზურა ჩემი მეგობარი იყო და ძალიან მწყდება გული, რომ ამ საქმეზე პოლიტიკური სპეკულაციები კეთდება.

ჩვენ ჟვანიას კიდევ ერთ მეგობარს ხათუნა ხოფერიასაც ვთხოვეთ კომენტარი. ყოფილი დეპუტატმა „პრესა.ჯი“-ს უთხრა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

ხათუნა ხოფერია: ჟვანის გარდაცვალების საქმეზე, საეჭვო დეტალებზე და ფაქტებზე ძალიან ბევრი კომენტარი გამიკეთებია. ახლა ველოდები სასამართლო პროცესს, მაინტერესებს, რას იტყვიან ბრალდებულები.

- საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ...

- ჩემთვის მიუღებელია ეს ფაქტი, მახარაძის საქმეზე  ყველამ კარგად იცის რა მოხდა. საერთო აღელვებას და აღშფოთებას მეც ვუერთდები, რომ ამ ინსტიტუტმა არ გაამართლა. არამგონია მიზანშეწონილი იყოს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე განიხილოს იმ ინსტიტუტმა, რომელიც კონსენსუსამდე ვერ მივიდა.

სასამართლო პროცესის მოლოდინშია ზურაბ ჟვანიას მეგობარი და მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, პეტრე მამრაძე.

მამრაძე აცხადებს, რომ ჟვანია მართლაც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მის სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია, ოფიციალური მონაცემებით, 2005 წლის 3 თებერვალს გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი საბურთალოზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში კახეთის გუბერნატორის მოადგილე უსუფოვთან ერთად იპოვა პრემიერის დაცვამ. მალევე გაირკვა, რომ ეს ბინა, ჟვანიას დავალებით, მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა კონფიდენციალურად.