ხარძიანის ადვოკატი: ყველაფერი ძველებურადაა
12:34:08     08-07-2015
გამოძიების პროცესში ახალი დეტალის აღმოჩენის შესახებ პროკურატურას ბესიკ ხარძიანის ადვოკატი საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
„ყველაფერი ძველებურადაა, სიახლის შემთხვევაში პროკურატურა შეგვატყობინებს“,- ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს საკუთარ სადარბაზოსთან დაახლოებით სამი თვის წინ მოკლული ბესიკ ხარძიანის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ განუცხადა.
„პრესა.ჯი“: აქვს თუ არა გამოძიებას დასაბუთებული ვარაუდი მკვლელის ვინაობაზე? შეგახსენებთ, რომ მკვლელობიდან მალევე ითქვა, რომ სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი, შედგენილია. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სლავური გარეგნობის ჩეჩენია, რომელიც მკვლელობამდე, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში, საქართველოში ცხოვრობდა და მკვლელობიდან მოკლე ხანში, ქვეყანა დატოვა...- ვადასტურებ, ფოტორობოტის არსებობას, სხვა კომენტარს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. მუშაობს პროკურატურა და ვაცადოთ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს მიმდინარე წლის 28 მარტს, უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში მოტოციკლიდან რამდენჯერმე ესროლა. ბიზნესმენი თავსა და ფეხში იყო დაჭრილი, ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ხარძიანები აცხადებენ, რომ მკვლელობა შეკვეთილია. მკვლელობის მიზეზად კი "კუს ტბას" ასახელებენ. ბესო ხარძიანი კომპლექსის მფლობელი იყო, სანამ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის არ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა-გასაღება. მოკლულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ის ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მას მოკლავდნენ. დაჩი ცაგურიამ საავადმყოფოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა: "ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ. პირადად ჩემთვისაც უთქვამს და ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვისაც".
მამის დასაფლავებინად მალევე ხარძიანის ვაჟიშვილმა, - მიხეილ ხარძიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა და მამის მკვლელად, გარდაცვლილის ამჟამინდელი მეუღლე, - ეკა ნონიკაშვილი დაასახელა.
რაც შეეხება მთავარი პროკურატურის პოზიციას, უწყება საქმეზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.