არაჩვეულებრივი წყალქვეშა გამოფენა
11:03:41     21-03-2011
უკვე რამდენიმე თვეა, მექსიკაში, კანკუნის ეროვნულ წყალქვეშა პარკში, ტურისტებს ჭეშმარიტად არაჩვეულებრივი სანახაობით დატკბობა შეუძლიათ. სპეციალურად პარკისათვის, ბრიტანელმა მოქანდაკემ ჯეისონ ტეილორმა რეალური პიროვნებების 400 ქანდაკება შექმნა, რომელიც 9 მეტრის სიღრმეშია განთავსებული.
ამ ორიგინალურ ექსპოზიციას, რომელიც ყოველგვარი სიტყვისა და მოძრაობების გარეშე მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიას, ავტორმა “წყნარი ევოლუცია” უწოდა.
მოქანდაკემ ბავშვობა მალაიზიაში გაატარა, სადაც დაიბადა მისი პირველი და სამუდამო სიყვარული ზღვისადმი. 1998 წელს, წარმატებით დაამთავრა ლონდონის ხელოვნების ინსტიტუტი და ბაკალავრის ხარისხიც მიიღო, ქანდაკების და კერამიკის განხრით.
საერთაშორისო აღიარება ტეილორს 2006 წელს ხვდა წილად, როდესაც პირველი წყალქვეშა ქანდაკება შექმნა გრენადაში, ვესტ-ინდოეთში. საინტერესოა, რომ თავისი ქმნილებებისთვის მოქანდაკე არა ქვას, არამედ ცემენტს ხმარობს.
ხელოვანი ფიქრობს, რომ ასეთი საშუალებებებით უფრო მეტად მიიქცევს ადამიანთა ყურადღებას და წყლის, წყალქვეშა სამყაროსა და მისი პრობლემების შესახებ დააფიქრებს.
წყალქვეშა გამოფენა მექსიკის სანაპიროებთან, 420 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და მსოფლიო ხელოვნების ერთერთი ყველაზე მსხვილი, ამბიციური და სოლიდური ღირშესანიშნაობაა.